ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვლება 4,5 კმ სიგრძის როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების ქსელები. კომპანია განახლებულ სისტემაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურულ ელემენტებს, 40 ცალ ჩამკეტ-მარეგულირებელ უდრულს, დაამონტაჟებს.

"კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჯივიპის 2019 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია. რეაბილიტაცია დაახლოებით 2,5 თვეს გაგრძელდება. ორივე ქუჩაზე წყალსადენისა და წყალარინების ქსელები სრულად განახლდება, რაშიც 2 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას ვახორციელებთ" - განაცხადა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბაბუხადიამ.

კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტს ჯივიპი თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს. წყალმომარაგების სისტემის განახლების შემდეგ დედაქალაქის მერია ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, კანდელაკი-ბუდაპეშტის ქუჩებთან ერთად, ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების სისტემას თბილისის 23 ქუჩაზე ანახლებენ.