ოქტავია სპენსერი თანამედროვე ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და სახასიათო მსახიობად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ საინტერესო კარიერა ჰქონდა და აქვს, წარმატების მწვერვალისკენ სვლა მხოლოდ 2012 წლიდან დაიწყო, როდესაც პირველი ოსკარი მიიღო The Help-ში შესრულებული არაჩვეულებრივი როლისთვის.

მოგვიანებით, 2017 და 2018 წლებში ის კიდევ ერთხელ მოექცა კინოაკადემიის ყურადღების ცენტრში და ოსკარის ნომინაციებიც დაიმსახურა.

თუმცა, დღევანდელ ისტორიაში ის მეორეხარისხოვან როლს ასრულებს, რადგან მთელი ყურადღება ნაკლებად ცნობილ მსახიობსა და კომიკოსს შერი შეპარდს უნდა დავუთმოთ.

ალბათ, თქვენც შეამჩნევდით, რომ ამ ორ მსახიობს შორის მსგავსება ნამდვილად დიდია. სწორედ ამიტომ, 20 წელზე მეტია, რაც ოქტავიასა და შერის ერთმანეთისგან ვერ არჩევენ.

ასე მოხდა რამდენიმე დღის წინაც, როდესაც შერი აეროპორტში იყო. აღმოჩნდა, რომ ვერც ხალხმა და ვერც აეროპორტის თანამშრომლებმა ის ვერ იცნეს. ამ სახალისო ამბის დასტურად კი შერიმ ვიდეოც გადაიღო.

"ოქტავია, ნიუ-ორლეანის აეროპორტის VIP ლაუნჯში ვარ. ყველას ჰგონია, რომ ოსკაროსანი ოქტავია სპენსერი ვარ და მეკითხებიან, რატომ არ ვარ ნომინირებული წელს ოსკარზე. ხალხი მოდის და მეუბნება, რა ძალიან ვუყვარვარ და მოსწონთ ჩემი როლი Hidden Figures-სა და The Help-ში. მართლა სჯერათ, რომ ოქტავია სპენსერი ვარ და მეც ვერ ვამბობ, რომ სინამდვილეში შერი შეპარდი ვარ, რადგან მაშინვე გამაგდებენ ამ ლაუნჯიდან. რაღა დაგიმალო და აქ მოსახვედრად შენი სახელი თავად გამოვიყენე", - ამბობს ვიდეოში შერი.

თუ სამართალი არსებობს, 2020 წლის ოსკარზე ამ ვიდეომ საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში უნდა გაიმარჯვოს