ჰანოის სამიტის მოულოდნელი შეწყვეტის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეუთანხმებლობის მიზეზი სანქციები გახდა. მოლაპარაკებების დროს კიმ ჩენ ინმა და დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებაზე ისაუბრეს.

პრეზიდენტის თქმით, ფხენიანი მზადაა, უარი თქვას იონბანში უმსხვილეს ბირთვულ კვლევით ცენტრზე, სანაცვლოდ კი სანქციების მოხსნას ითხოვს. ამავე დროს, მან დაამატა, რომ სურს ჩრდილოეთ კორეას სანქციები მოუხსნას, რადგან მისი პოტენციალის სჯერა:

"ძირითადად, მათ სანქციების სრულად მოხსნა სურდათ, ჩვენ კი ამის გაკეთება არ გვინდოდა", — აღნიშნა პრეზიდენტმა.

აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მოლაპარაკებები ორ დღეს, 27-28 თებერვალს უნდა გაგრძელებულიყო. თუმცა სამიტი დროზე ადრე შეწყდა, რადგან მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ტრამპის პრესკონფერენცია კი ორი საათით ადრე დაიწყო.

მოსალოდნელი იყო, რომ მეორე დღის ბოლოს ორივე მათგანი შეთანხმებას მოაწერდა ხელს. როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, "სჯობს გააკეთო სწორად, ვიდრე სწრაფად". მისივე თქმით, კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებების ტონი მეგობრული იყო.

პრეზიდენტი ამერიკელი სტუდენტის ოტო ვარმბაიერის შესახებ ჰკითხა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მალევე გარდაიცვალა. ტრამპმა აღნიშნა, რომ კიმ ჩენ ინთან ამაზე ისაუბრა:

"არ მჯერა, რომ კიმი ამას დაუშვებდა... მან მითხრა, რომ ამის შესახებ არ იცოდა და მისი მჯერა".