დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლის, თამაზ ახობაძის თქმით, იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამ მიზეზით მან შიმშილობა დაიწყო.

"სიახლე არ მაქვს. იუსტიციის სამინისტროს პოზიცია უცვლელია — თანახმა არიან მომცენ აღდგენის თარიღით კომპენსაცია, თუ უარს ვიტყვი აღდგენაზე. ვარ იუსტიციის სამინისტროს წინ. ვიწყებ შიმშილობას", — წერს ახობაძე Facebook-ზე.

On.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ სამინისტროს წინ ღამეს გაათენებს და მისი პროტესტი გაგრძელდება. ახობაძისა და მინისტრის მოადგილის, მიხეილ სარჯველაძის შეხვედრა დღეს, 19 საათზე დაიწყო. იგი სამინისტროსგან ახსნა-განმარტებას ითხოვს, თუ რას აპირებენ მის საქმესთან დაკავშირებით. ახობაძემ თქვა, რომ იგივე მოთხოვნები დააყენა, რაც აქამდე ჰქონდა, აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება, აღადგინონ თანამდებობაზე, ან ტოლფას თანამდებობაზე, გადაუხადონ კომპენსაცია და მოუხადონ ბოდიში. მისი თქმით, სამინისტრომ "არგუმენტირებული უარი" უთხრა ამ მოთხოვნებზე.

"ჩემს ჯანმრთელობაზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ, უკანონო გადაწყვეტილების მიმღებ პირებს: თეა წულუკიანს, იმჟამინდელ დირექტორს ჯონი კვინიკაძეს, მიხეილ სარჯველაძეს, თათია ხოჭოლავას, იოსებ ბაღათურიას, უმრავლესობის ყველა დეპუტატს, ჩემს ყოფილ თანამშრომლებს, რომლებმაც ზუსტად იციან ამ საქმის დეტალები და მიუხედავად ამისა ამჯობინებენ კომფორტულად ისხდნენ სამსახურში. ამ დრომდე ამაოდ ველი სახალხო დამცველის რაიმენაირ რეაქციას ამ საკითხზე. ველი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების უფრო მკაცრ შეფასებებს", — წერს თამაზ ახობაძე ფეისბუკის გვერდზე

ახობაძის საქმე

2014 წელს ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გაათავისუფლეს. ისინი გათავისუფლებას მინისტრის, თეა წულუკიანის პირად გადაწყვეტილებას უკავშირებდნენ, რადგან მათ ფეისბუკზე გააპროტესტეს დანაშაულის პრევენციის ცენტრის, დავით მაისურაძის, გათავისუფლება. სუბელიანმა და ახობაძემ სსიპ-ს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს, სააპელაციო სასამართლოში დავა 2017 წლის 9 მარტს მოუგეს.

დანაშაულის პრევენციის ცენტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში, თუმცა, უმაღლესმა ინსტანციამ 2017 წლის 18 სექტემბერს დაუშვებლად სცნო საკასაციო საჩივარი და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც უწყებას მათი სამსახურში აღდგენა და თითქმის 4-წლიანი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც ახობაძის თანამდებობაზე აღდგენას შეეხებოდა მის სამუშაო ადგილზე დანიშნულმა პირმა გაასაჩივრა და სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა კიდეც.

23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა თამაზ ახობაძის საჩივარი და მიიჩნია, რომ მისი თანამდებობაზე აღდგენის განმხილველ საქმეებში მის ყოფილ სამუშაო ადგილზე დასაქმებული პირი არ უნდა ყოფილიყო ჩართული.