საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას კერძო ტელეკომპანიებთან, იმედთან, მაესტროსთან და GDS-თან საერთო ეგზიტპოლის ჩატარების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტს "კიდევ ერთხელ გადახედონ მიღებულ გადაწყვეტილებას და თავი შეიკავონ ისეთი პროექტების განხორციელებისგან, რომლებიც მაუწყებლის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ დააყენებს". კერძოდ:

  • "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგების მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებელი მეტწილად დაბალანსებულად და მიუკერძოებლად აშუქებს წინასაარჩევნო პერიოდს, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. საკითხის პოლიტიკური სენსიტიურობიდან გამომდინარე, კერძო ტელეკომპანიებთან ერთად ეგზიტპოლების ჩატარების გადაწყვეტილება კი, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს საზოგადოების მხრიდან მაუწყებლის, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიასაშუალების აღქმაზე.

  • როგორც წესი, არჩევნების დღეს პოლიტიკური პარტიები ეგზიტპოლების შედეგებს პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებენ. მაშინ, როცა მაუწყებელი წლებია ცდილობს “სახელისუფლებო” არხის სტატუსისგან გათავისუფლებას და საზოგადოების ნდობის დაბრუნებას, ბუნდოვანია ასეთი სარისკო გადაწყვეტილების არგუმენტაცია.

  • საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს 2012 წლის ეგზიტპოლის ჩატარების არასახარბიელო გამოცდილება, როცა მაუწყებლის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლებისა და არჩევნების შედეგებში თითქმის 20%-იანი ცდომილება აღმოჩნდა. გაურკვეველია, რა პრევენციული მექანიზმები აქვს მაუწყებელს გარდა ნდობისა კონკრეტული კვლევით კომპანიის მიმართ, რომ მსგვასი შემთხვევა აღარ განმეორდება. ამასთან, საველე სამუშაოებს აწარმოებს კომპანია “გორბი,” რომელსაც მისივე წარმომადგენლის, მერაბ ფაჩულიას განცხადებით 2003 წლის მერე საქართველოში ეგზიტპოლი აღარ ჩაუტარებია.

  • საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ მომსახურებაში სხვა არხებთან შედარებით მცირე თანხას იხდის. მთლიანი მომსახურება 950 ათას დოლარამდე ჯდება, მასში მაუწყებლის წილი კი 200 ათასი ლარია. დანარჩენი თანხა სხვა არხებზე ნაწილდება. არხებს შორის, მაღალი კონკურენციის პირობებში გაუგებარია რა ინტერესია კომერციული არხების მხრიდან ასეთი მცირე თანხის სანაცვლოდ, მნიშვნელოვანი მონაცემები კონკურენტ კომპანიასაც გაუზიარონ.

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის განცხადებით, მენეჯმენტი მოლაპარაკებებს კომპანიებთან დეკემბრის შემდეგ აწარმოებს, სამეურვეო საბჭო კი ბოლო პერიოდამდე არ იყო ინფორმირებული მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ. მსგავსი მნიშვნელობის საკითხები სამეურვეო საბჭოსთან მენეჯმენტმა დროულად უნდა განიხილოს, რათა მაუწყებელს ჰქონდეს საკმარისი დრო საკითხის სიღრმისეულად განსახილველად. ეს შემთხვევა ბადებს კითხვებს, თუ რამდენად არის უზრუნველყოფილი საჯაროობა მაუწყებლის მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში."

აღნიშნულ განცხადებას 6 ორგანიზაცია ავრცელებს:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF);
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  • კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი;
  • შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი-საქართველო;
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)