ნოკიამ Mobile World Congress-ზე თავისი ახალი სმარტფონი, Nokia 9 Pureview წარადგინა.

ეს მოდელი ყველა სხვა დევაისისგან იმითაა გამორჩეული, რომ რაც შეიძლება სრულყოფილი ფოტოს გადასაღებად არც მეტი, არც ნაკლები ხუთი 12 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს — სწორედ ეს უკანასკნელი გახდა იმ ადამიანების საშინელი გაღიზიანების მიზეზი, ვისაც ტრიპოფობია აქვს.

ტრიპოფობია ერთად თავმოყრილი პატარა ხვრელების მიმართ შიშს ნიშნავს, რომლებიც ადამიანებში ზიზღსა და საფრთხის შეგრძნებას იწვევენ.

აი, რას წერენ ტვიტერზე ნოკიას ახალი სმარტფონის დიზაინით აღშფოთებული ადამიანები:

"ეს ტელეფონი მათთვის არაა შექმნილი, ვისაც ტრიპოფობია სჭირს"

"ვერ ვიტან იმ ადამიანს ვინც ჩემს პროფილზე ნოკიას ახალი სმარტფონის ფოტო დადო, ძალიან ცუდად ვარ "

"ნოკიას ახალმა 5-კამერიანმა სმარტფონმა ძალიან გამაღიზიანა"

ნოკიას ახალ 5,9-ინჩიან სმარტფონს უკაბელო დატენვის რეჟიმი, 6 GB-იანი ოპერატიული, 128 GB შიდა მეხსიერება და ანაბეჭდის ამომცნობი სენსორი აქვს. ამ მოდელის ფასი $699 იქნება.