ქართული ოცნების ყოფილმა წევრი, ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტს არ გამორიცხავს. როგორც მან რუსთავი 2-ს განუცხადა, ირაკლი კობახიძე მიმდინარე პროცესებს "ვერ აცნობიერებს".

"ის, რომ ამ პროცესს ისე აფასებდეს, როგორც უნდა აფასებდეს, სამწუხაროდ, არ დაუშვებდა ასეთ ფატალურ შეცდომებს და პარლამენტი არ გახდებოდა 5 კაცის სათარეშო ადგილი. ეს არ არის ის ინსტიტუცია, სადაც საძმაკაცო, სამეგობრო და სადაქალო შეიძლება არსებობდეს. ეს არის პარლამენტი, წარმომადგენლობითი ორგანო.... მე მგონი, ამას უბრალოდ ვერ აცნობიერებს. თუ ამას განზრახ აკეთებს, კიდევ უფრო დიდი უბედურებაა", — აღნიშნა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა 4 დღის წინ დატოვა. დეპუტატმა წასვლის რამდენიმე მიზეზი დაასახელა. მათ შორის იყო, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერებისა და ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივად გამოცხადების კანონპროექტების ჩაგდება პარლამენტში.

პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატის რანგში ბოლო გამოსვლისას ბესელიამ კობახიძე გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან ე.წ. ამბოხებული დეპუტატები ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში დაადანაშაულა. ბესელიამ განაცხადა, რომ კობახიძეს ბოდიში აქვს მოსახდელი. მანვე აღნიშნა, რომ ის არ არის პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე და მან ვერ შეძლო პარლამენტის ღირსების დაცვა.

ამავე თემაზე: