აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მექსიკის საზღვარზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა. ქვედა პალატამ რეზოლუცია იმ დროს მიიღო, როდესაც ტრამპი ქვეყანაში არაა. ის ვიეტნამში ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შესახვედრად გაემგზავრა.

რეზოლუციას მხარი 245-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 182 იყო. დემოკრატების დოკუმენტს მხარი დაუჭირა 13-მა რესპუბლიკელმა.

პრეზიდენტმა ბრძანებას ხელი 15 თებერვალს მოაწერა, რათა მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად თანხა მიეღო, რადგან კონგრესის მის დაფინანსებაზე უარს ამბობს. კონგრესმენების ნაწილი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი ბოროტად იყენებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლებას. ამავე დროს, მათი აზრით, ის აკნინებს კონგრესის პრეროგატივას, რომელიც კონსტიტუციით ქვეყნის ხარჯებს აკონტროლებს.

მოსალოდნელია, რომ დონალდ ტრამპი რეზოლუციას ვეტოს დაადებს. ვეტოს დასაძლევად კი კონგრესმენების ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.

სახელმწიფო მეთაურის საგანგებო უფლებამოსილების შესახებ კანონი 1976 წელს მიიღეს. მას შემდეგ ის ბევრჯერ გამოყენებულა, თუმცა კონგრესის არც ერთ პალატას ის აქამდე არ გაუუქმებია.

სენატს 18 დღე აქვს იმისათვის, რომ იმსჯელოს დაუჭერს თუ არა მხარს რეზოლუციას. წარმომადგენელთა პალატისგან განსხვავებით სენატში უმრავლესობა რესპუბლიკელებს უკავიათ. შესაბამისად დემოკრატებს რესპუბლიკელების ხმებიც სჭირდებათ.