28 და 31 იანვარს ინტერნეტით პარლამენტის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. საქმეზე 17 პირი დააკავეს. აქედან ერთს ვიდეოს ფეისბუქზე ატვირთვას ედავებიან, 16-ს კი შენახვასა და სხვადასხვა ფორმით გავრცელებას. მათ შორის არიან პირები, რომლებიც ამბობენ, რომ ვიდეო არ ჩამოუტვირთავთ, მაგრამ კანონი მათ უმტკიცებს, რომ ვიდეო "შეინახეს".

მესენჯერში "შენახული" დანაშაული

გიორგი გასვიანს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვებასა და შენახვას ედავება. გადაცემა არჩევანში ის იხსენებს, რომ ვიდეო მესენჯერში მიიღო, იმ დროს მხოლოდ გადახვევით უყურა და კადრებში არავინ და არაფერი ჩანდა. მისი თქმით, ვიდეო არც ტელეფონში ჩამოუტვირთავს და არც სხვისთვის გადაუგზავნია.

ის ამბობს, რომ კადრებზე ასახული ადამიანის შესახებ დაკითხვაზე გაიგო. შემდეგ დააკავეს და განუმარტეს, რომ გამოგზავნილი ვიდეოს მესენჯერიდან არწაშლა "შენახვას" ნიშნავს. მესენჯერში მისთვის გამოგზავნილი შეტყობინება კი უკანონო მოპოვებაა.

"უბრალოდ, სიგიჟესთან გვაქვს საქმე. ისეთ სიგიჟესთან, რომელზეც ყველა მხარე ვხვდებით, რომ სიგიჟეა...

ზოგადად, ადამიანები რაღაცეებზე უნდა შევთანხმდეთ ან ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ინტერნეტი არ არის კონტროლირებადი და საჯარო სივრცეში განთავსებული ფაილი თავისუფლად შეგვიძლია გავხსნათ და ვნახოთ ისე, რომ არ გვეშინოდეს, რომ ორ საათში კარს შემოგვინგრევენ. ან, არადა, იმაზე შევთანხმდეთ, რომ გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც ინტერნეტში რაღაცეებს გვიშლიან", — მისი თქმით, ინტერნეტში რაიმეს მოხვედრა უნდა გაკონტროლდეს, მაგრამ უკვე განთავსებული ვიდეოს შემთხვევით გახსნის გამო ადამიანის დაკავება ბოროტებაა.

სასამართლოზე დადებითი განაჩენის იმედი აქვს, რადგან ბრალდება აბსურდულად მიაჩნია.

გავრცელება პირად შეტყობინებაში

ანალოგიური ფორმით "უკანონოდ მოპოვებული და შენახული" ვიდეო ანა აროშიძის ჩატშიც აღმოჩნდა. ამბობს, რომ ტელეფონში არ გადმოუტვირთავს და სამ მეგობარს პირად შეტყობინებაში გაუგზავნა, რაც გავრცელებაში ჩაეთვალა.

აროშიძე იხსენებს, რომ პოლიციამ მომაკვდავი მამის თვალწინ გადაიყვანა განყოფილებაში. მამას უთხრეს, რომ მოწმის სტატუსით. გადაყვანის შემდეგ დააკავეს და სამი დღე საპატიმრო დაწესებულებაში იყო. მისი თქმით, გამომძიებლებს სთხოვა მამისთვის ეთქვათ, რომ ბათუმში წავიდა, მაგრამ მათ სიმართლე აცნობეს. მისივე თქმით, გამომძიებლებს სთხოვა ისიც ეთქვათ, სად ინახებოდა მორფი, რომელიც ავადმყოფ მამას სამკურნალოდ სჭირდებოდა, მაგრამ მათ ეს ინფორმაცია ოჯახს არ მიაწოდეს. აროშიძის ამბობს, რომ სანამ დედამისმა მორფი ხელახლა აიღო მამამისი გაუსაძლისი ტკივილით იტანჯებოდა და ამისთვის ის სამართლამდაცვამა უწყებამ გაწირა.

აროშიძე გირაოთი გაათავისუფლეს. იმ სამი მეგობრიდან, ვისაც მან ვიდეო გაუგზავნა ერთი ციხეშია, ორი კი ანალოგიურად გირაოთი გათავისუფლდა. დაკავებულია ის პირიც, ვინც მას ვიდეო გაუგზანა.

აროშიძემ გადაწყვიტა მუხლი, რომლითაც მას ედავებიან საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს. ის ამბობს, რომ უსამართლობაა გაურკვეველი იყოს ვინ დაუკვეთა ვიდეოს ჩაწერა, ვინ გადაიღო, ვინ გაავრცელა და ამ დროს აკავებდნენ იმ ადამიანებს, ვინც ეს ვიდეო ნახა და არასაჯაროდ აჩვენა სხვებს.

ბესელია ბრალდებულებზე და ბრალდებულების პასუხი

სანამ გადაცემა არჩევანის სტუდიაში აროშიძე და გასვიანი შევიდოდნენ, მანამდე ამ საკითხე ეკა ბესელიამ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დაკავებულების მიმართ სასამართლო არ უნდა იყოს მკაცრი, მაგრამ უნდა იყოს სამართლიანი. დეპუტატმა არ უპასუხა კითხვას, სამართლიანია თუ არა ვიდეოს პირად ჩატში გაგზავნისთვის დაკავებულების ბრალი ან შესაძლო სასჯელი და განაცხადა, რომ კანონის შემსუბუქება სახიფათო იქნება.

მისი თქმით, მთავარი ამოცანა არ არის ის, რომ გაუცნობიერებელი ქცევის გამო ადამიანებს ცხოვრება დაენგრეთ. თუმცა, მისივე თქმით, იმისთვის, რომ მომავალში სხვა ადამიანები დაიცვან მსგავსი ფაქტებისგან, საჭიროა რეაგირება.

ინტერვიუს დასრულების შემდეგ არჩევანის სტუდიაში გასვიანი და აროშიძე შევიდნენ. "მე გისურვებთ თქვენ თავისუფლებას", — მიმართა მათ დეპუტატმა.

გადაცემის დასასრულს აროშიძემ განაცხადა, რომ მისთვის ბესელიას პოზიცია მიუღებელი და გაურკვეველია. მისი თქმით, სჭირდება ზუსტი პასუხი დეპუტატისგან არის თუ არა ის დამნაშავე. გასვიანმა კი აღნიშნა, რომ დეპუტატისგან ჰქონდა მოლოდინი, რომ ის მათ მსხვერპლებად და არა დამნაშავეებად ჩათვლიდა.

დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.