გაგიკვირდებათ, მაგრამ თინეიჯერების უმრავლესობა სულაც არაა დესტრუქციული და თავზეხელაღებული. The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ჯენიფერ ბრეჰენი ვოლასი საკუთარ პერსპექტივასა და მეცნიერების მოსაზრებებს გვთავაზობს:

გასულ შემოდგომაზე, როცა ჩემი შვილი 13 წლის გახდა, ოჯახის წევრები და მეგობრები ამ ამბავს არაერთგვაროვანი რეაქციით შეხვდნენ. ტრადიციულ მილოცვებთან და კეთილ სურვილებთან ერთად იყო თანაგრძნობაც და "ვიზიარებ" დამოკიდებულებაც.

ურჩი და უგუნური მოზარდების შესახებ სტერეოტიპი ამერიკულ კულტურაში მყარადაა ფესვგადგმული. წიგნის მაღაზიები სავსეა მშობლებისთვის განკუთვნილი წიგნებით, რომლებიც გვასწავლიან "როგორ გადავურჩეთ ამ წლებს". ფილმებიც და სერიალებიც თინეიჯერების ყველაზე ცუდი მხარეების ასახვით არიან დაკავებულნი, თუმცა ამ იდეას ფსიქოლოგების მზარდი რაოდენობა ეწინააღმდეგება და მეტიც, თინეიჯერების ნეგატიურ ქცევაზე აგებულ ხატს მოზარდებისთვის საზიანოდ მიიჩნევს.

საუკუნის წინ პიონერმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა, სტენლი ჰოლმა შექმნა თეორია, რომლის მიხედვითაც მოზარდობა "ქარიშხლისა და სტრესის" პიკია. თეორიის მიხედვით, მშობლებისგან დისტანცირების სურვილი, ჰორმონალური ცვლილებების თანხლებით, სახიფათო საქციელს, ექსტრემალურ ემოციებსა და ოჯახურ კონფლიქტს იწვევს. 1960-იან წლებში ფსიქოანალიტიკოსი ანა ფროიდი უფრო შორსაც წავიდა და ირწმუნებოდა, რომ ასეთი ქცევის ნაკლებობა მოზარდებში ანომალია იყო.

"მიუხედავად იმისა, რომ მოზარდობის წლები შეიძლება მართლაც მღელვარე დრო იყოს, ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სტერეოტიპული ქცევები არც გარდაუვალია, არც ბიოლოგიური და, რაც მთავარია, მოზარდების უმრავლესობას არ ახასიათებს", - ამბობს Tufts უნივერსიტეტის ახალგაზრდობის განვითარების კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, რიჩარდ ლერნერი, -"გარდატეხის ასაკს თავისი პრობლემები და გამოწვევები ახლავს, მაგრამ იგივე შეგვიძლია ვთქვათ სკოლამდელ წლებსა და სიბერეზეც".

"ჩვენ კარგ თინეიჯერებს იმის მიხედვით განვსაზღვრავთ, რასაც არ აკეთებენ: არ ეწევიან, ნარკოტიკებს არ მოიხმარენ და ცუდ წრეში არ ტრიალებენ — რა არაფრისმთქმელი გზავნილია ეს მოზარდებისთვის"

"ფაქტია, რომ ბოლო ათწლეულებში ტენდენციები მოზარდების რისკიან საქმიანობებში ჩართვასთან დაკავშირებით დამაიმედებელია", - ამბობს ჯეფრი იენსენ არნეტი, კლარკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი. გასულ წელს გამოქვეყნებულ კვლევაში დოქტორი არნეტი ოთხი ტიპის სარისკო ქცევის შემცირებას გამოყოფს: ნარკოტიკების მოხმარება, დაუცველი სექსი, კრიმინალი და მანქანის გაუფრთხილებლად მართვა. ალკოჰოლის მიღების მაჩვენებლები 90-იან წლებთან შედარებით მკვეთრად არის შემცირებული, ხოლო სხვა ნარკოტიკებს 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვთ, გარდა მარიხუანისა, რომლის მოხმარებაც 1990-იან წლებში გაიზარდა და მას შემდეგ მერყეობს.

"მიუხედავად იმისა, რომ საშუალოდ, მოზარდები უფრო რისკიანები და უხასიათოები არიან და უფრო მეტად ებრძვიან მშობლებს, ვიდრე მცირეწლოვანი შვილები, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ პრობლემური საკითხების პიკი თინეიჯერულ წლებში მაინც საკმაოდ დაბალია", - ამბობს Wake Forest უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ქრისტოფერ ბუკენანი.

"მოზარდის ენციკლოპედიაში" გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დოქტორმა ბუკენანმა და ჯონა ჰიუჯეს ბრუტონმა დაადგინეს, რომ, საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების საწინააღმდეგოდ, მოზარდების უმრავლესობა დამანგრეველ ემოციურ პრობლემებს არ განიცდის და მშობლებთან გაუცხოებული არაა.

"იმ მოზარდებში, რომლებიც უარყოფითი განწყობითა და ქცევით გამოირჩევიან, მიზეზი ხშირად ბავშვობიდან გამომდინარეობს", - ამბობს დოქტორი ბუკენანი, - "სტერეოტიპების საშიშროება ის არის, რომ მშობლებმა შეიძლება არ მიაქციონ ყურადღება შემაშფოთებელ სიგნალებს იმის გამო, რომ "ასეთი ასაკია", როცა სინამდვილეში სიმპტომები ადრეულ ინტერვენციას საჭიროებს".

ფოტო: Wendy Laurel

მშობლებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ "რეალისტური წარმოდგენა" აქვთ თინეიჯერული ქცევის შესახებ, შეიძლება უნებურად წვლილი შეიტანონ წინასწარმეტყველების ასრულებაში.

ბუკენანმა და ბრუტონმა მეექვსე-მეშვიდე კლასებში 270 მოსწავლე და მათი მშობლები გამოკითხეს. კვლევაში მონაწილეებს ჰკითხეს, არიან თუ არა თინეიჯერები უხეშები, ეგოისტურები, უხასიათოები, მოქმედებენ თუ არა დაუფიქრებლად და ოჯახიდან თუ დისტანცირდებიან. ერთი წლის შემდგომ განმეორებითი კვლევისას აღმოჩნდა, რომ იმ მოზარდებში, რომელთა დედებსაც თინეიჯერების ქცევაზე სტერეოტიპული წარმოდგენა ჰქონდათ - (სხვადასხვა რისკ-ფაქტორების კონტროლის პირობებშიც კი), პრობლემური ქცევების მაჩვენებელი გაიზარდა. ხოლო იმ მოსწავლეებმა, რომელთაც სჯეროდათ, რომ ეს სტერეოტიპები მართალია, ერთი წლის შემდეგ მშობლებთან ნაკლები სიახლოვე და კონფლიქტის გაზრდილი მაჩვენებელი დააფიქსირეს.

გასული წლის ნარკოტიკული ქცევების ანგარიშის მიხედვით, მოზარდები ხშირად იწყებენ ან აგრძელებენ აკრძალული ნივთიერებების მოხმარებას, თუ მშობლებს სჯერათ, რომ ისინი ასე იქცევიან (იმის მიუხედავად, რეალურად აქვთ თუ არა შეხება ნარკოტიკებთან). კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰეი ვან მაკმა "მოზარდთა ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი კვლევის" ფარგლებში 3 000 ამერიკელი მოზარდის 1994-1995 და 1996 სასწავლო წლის მონაცემები გააანალიზა. მან აღმოაჩინა, რომ მოზარდები, რომლებიც კვლევის დასაწყისში ეწეოდნენ სიგარეტს და სვამდნენ ალკოჰოლს, ნაკლებად ანებებდნენ თავს მათ მოხმარებას, თუ მშობლებმა ამ ფაქტის შესახებ უკვე იცოდნენ. ასევე, მოზარდებს დიდი შანსია, მოწევა დაეწყოთ, თუ მათ მშობლებს ისედაც სჯეროდათ, რომ ეწეოდნენ. საქმე ისაა, რომ თინეიჯერები მშობლების ეჭვს მოლოდინად თარგმნიან და მის გამართლებას ცდილობენ.

უამრავი ფაქტორი უწყობს ხელს "თვითასრულებადი წინასწარმეტყველების" მექანიზმს. მშობლების ნეგატიურმა მოლოდინმა შეიძლება მოზარდში დაბალი თვითშეფასება გამოიწვიოს, რაც მას თანატოლების ზეგავლენის ქვეშ აქცევს. როცა მშობლები ცუდ ქცევაზე არ რეაგირებენ, მოზარდები ამას ნებართვად აღიქვამენ. თუ მშობლები თინეიჯერობისას ცუდ ქცევებს გარდაუვლად მიიჩნევენ, შესაძლოა, ნაკლები დრო და ყურადღება დაუთმონ მოზარდებს, რადგან მათი ჩარევით "მაინც არაფერი შეიცვლება".

მშობლების წარმოდგენებმა, შესაძლოა, მოზარდზე პოზიტიური გავლენაც მოახდინოს. ოჯახური ფსიქოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მშობლები, განსაკუთრებით დედები, რომლებსაც სჯერათ, მოზარდის ქცევის მართვა შესაძლებელია, უფრო სავარაუდოა, რომ სტრატეგიულად ჩაერთონ აღზრდაში, რაც თავის მხრივ პოზიტიურ შედეგს მოიტანს.

მშობლებისთვის ნეგატიური სტერეოტიპების დამარცხების ერთი გზა მათთან უშუალოდ დაპირისპირებაა. შანხაიში მეშვიდე კლასის რამდენიმე ასეულმა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო ექსპერიმენტში, სადაც მკვლევრებმა მოსწავლეებს აუხსნეს, რომ მოზარდების უპასუხისმგებლობის შესახებ სტერეოტიპები არასწორია და სთხოვეს, ჩამოეთვალათ მოზარდების დადებითი ქცევის მაგალითები. საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, ექსპერიმენტში მონაწილე მოსწავლეებმა უფრო კარგი აკადემიური შედეგები აჩვენეს და ნაკლები რისკიანი ქცევა გამოავლინეს. ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი, კვლევის თანაავტორი, ევა პომერანტსი მშობლებს ურჩევს, თინეიჯერებს სტერეოტიპების შესახებ ესაუბრონ და წაახალისონ ისეთი აქტივობები, როგორიცაა, მაგალითად, მოხალისეობა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ნეგატიურ სტერეოტიპებს.

"ხშირად ჩვენ კარგ თინეიჯერებს იმის მიხედვით განვსაზღვრავთ, რასაც არ აკეთებენ: კარგები არიან, რადგან არ ეწევიან, ნარკოტიკებს არ მოიხმარენ და ცუდ წრეში არ ტრიალებენ — რა არაფრისმთქმელი გზავნილია ეს მოზარდებისთვის", - ამბობს დოქტორი ლერნერი. ჩვენი ვალია, მოზარდებს უკეთესი სცენარი შევთავაზოთ. მშობლები, რომლებიც შვილების აღსანიშნავ საქმეებს უყურადღებოდ არ ტოვებენ, მათში ძლიერ მხარეებსა და ტალანტებს აძლიერებენ, რომელთა დახმარებითაც თინეიჯერები გარდატეხის ასაკს ბევრად მარტივად გადიან.