საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ეკონომიკურ კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად მივიდა. გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას არსად უთქვამს, რომ განხილვაზე მისვლას არ აპირებდა.

როგორც მან განმარტა, კომიტეტმა საკითხების განხილვის არამიზანშეწონილობაზე არგუმენტები არ გაიზიარა და სხდომა ისევ ჩანიშნული იყო, რის გამოც კომიტეტში მოვიდა.

მანამდე ეროვნული ბანკში ამბობდნენ, რომ ის სხდომას არ დაესწრებოდა, რადგან სხდომაზე თიბისი ბანკის საქმის განხილვა კომერციული საიდუმლოს დაცვის გამო მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.

"კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპის და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიმე კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებული საზედამხედველო ზომების განხილვა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ამგვარი დისკუსიებით, შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს", — აღნიშნულია განცხადებაში.

გვენეტაძე პარლამენტში თავდაპირველად ახალი საბანკო რეგულაციების განსახილველად დაიბარეს. შემდეგ კი ევროპულმა საქართველომ თიბისი ბანკის ხელმძღვანელ პირებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სხდომაზე მისვლა და ბანკის პრობლემების განხილვა შესთავაზა. ეროვნული ბანკის განცხადებაში ეწერა, ისიც რომ საბანკო რეგულაციების საკითხზე რაიმე დასკვნის განხილვა ნაადრევია და პარლამენტში ამ თემაზე სასაუბროდ მოგვიანებით მივიდოდნენ.

სხდომაზე დასასწრებად მივიდნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც.

თიბისი ბანკის საქმე

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბარი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.

ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე.

გარდა ამისა, თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა და განაცხადა, რომ მილიონიან ჯარიმას გადაიხდის. ამასთანავე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის წინააღმდეგ კერძო დავას აგრძელებენ.