საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ეკონომიკურ კომიტეტის სხდომას არ დაესწრება. დღეს, 25 თებერვალს კომიტეტზე საბანკო რეგულაციები და თიბისი ბანკის საქმე უნდა განეხილათ.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, თიბისი ბანკის საქმის განხილვა მათ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.

"კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპის და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიმე კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებული საზედამხედველო ზომების განხილვა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ამგვარი დისკუსიებით, შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს", — აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე თქმით, საზედამხედველო ზომების განხილვა, რომელსაც თვითონ ბანკიც დაეთანხმა, დარგის სპეციფიკისა და ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით არამიზანშეწონილია.

რაც შეეხება ახალი საბანკო რეგულაციების განხილვას, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ რაიმე დასკვნის განხილვა ნაადრევია. ეროვნული ბანკი აღნიშნული საკითხის მოგვიანებით განხილვას სთავაზობს

როგორც თიბისი ბანკის პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მაინც დაესწრებიან. დარგობრივი ეკონომიკის თავმჯდომარის რომან კაკულიას თქმით კი, კომიტეტი მაინც ჩატარდება და პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება.

თიბისი ბანკის საქმე

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბარი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.

ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე.

გარდა ამისა, თიბისი ბანკმ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა და განაცხადა, რომ მილიონიან ჯარიმას გადაიხდის. ამასთანავე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის წინააღმდეგ კერძო დავას აგრძელებენ.