სამთავრობო ტროლი Avtandil Kereselidze, რომელზეც დღეს მედიის განვითარების ფონდმა (MDF) კვლევა გამოაქვეყნა, Facebook-ზე აღარ იძებნება. მასალის გამოქვეყნების შემდეგ ამ ანგარიშით პოსტიც გავრცელდა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ მისი ექაუნთი ყალბი არ იყო და სასამართლოში გეგმავდა ჩივილს.

კვლევის ავტორი, სოფო გელავა On.ge-სთან ამბობს, რომ ამ განცხადების გავრცელებიდან ორი საათის შემდეგ ექაუნთი აღარ იძებნება. მისი თქმით, ეს ამტკიცებს, რომ Avtandil Kereselidze გამოგონილი სახელი და გვარი იყო.

"დადასტურდა, რომ ჩვენ ვიყავით მართლები და დაზუსტებული ინფორმაცია გავავრცელეთ. იმიტომ, რომ ჩვენ რომ მისი დისკრედიტაცია გვდომოდა, ის არ გააუქმებდა და უფრო კონკრეტულ და რეალურ განცხადებას გამოაქვეყნებდა ან მისი სიმართლის დასამტკიცებლად ვიდეოს ჩაწერდა, რომ მე მე ვარ", — ამბობს მკვლევარი.

ის არ გამორიცხავს, რომ ანგარიში შესაძლოა ფეისბუქის ადმინისტრაციას დაებლოკა. მისი თქმით, Karo Manukyan-ს ესაუბრა, ვისი ფოტოებიც იყო გამოყენებული.

"ჩვენ გვქონდა მასთან საუბარი. ვაჩვენეთ ამ ბიჭის პროფილი და ვიცი, რომ დაარეპორტა. ასევე, ჩვენც დავარეპორტეთ და შეიძლება, ფოტოების მოპარვის გამო ფეისბუქმა ეს ანგარიში დაბლოკა. შესაძლოა, თავად მას ეწყინა, რომ უკვე იდენტიფიცირებულია, როგორც ტროლი და თავად წაშალა ეს ანგარიში", — აღნიშნავს სოფო გელავა.

MDF-ის კვლევის თანახმად, Facebook-გვერდებს, რომლებიც მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას ეწევა, სამთავრობო ტროლი, Avtandil Kereselidze მართავს. ფონდმა დაადგინა, რომ რეალურად ეს ადამიანი არ არსებობს და ფოტოები მომხმარებელ Karo Manukyan-ს ეკუთვნის, რომელიც ერევანში ცხოვრობს.