რეალითი შოუს ვარკსვლავი კიმ კარდაშიანი მოდის კომპანია Missguided-ს უჩივის. კარდაშიანის თქმით, კომპანია მისი ტანისამოსის მსგავს მოდელებს ქმნის და შემდეგ ინსტაგრამზე მას თაგავს.

Missguided ცნობილია შოუ-ბიზნესის გავლენიანი ადამიანების სამოსის მიმსგავსებული ვერსიების შექმნასა და მათ დაბალ ფასად გაყიდვაში, თუმცა კარდაშიანი ირწმუნება, რომ კომპანია პროდუქციის გასაყიდად მის "სავაჭრო მარკასა და პერსონალურობას" იყენებს.

სარჩელში შესულია ფოტოები Missguided-ის ინსტაგრამიდან და საიტიდან. კომპანიას ოფიციალურ ვებგვერდზე კარდაშიანის სამოსის მსგავსი მოდელების განყოფილება ჰქონდა შექმნილი, თუმცა, აღნიშნული გვერდი ახლა მიუწვდომელია.

კარდაშიანის სარჩელში არის ფოტოც, რომლის ერთ მხარეს მისი ინსტაგრამ პოსტის სქრინია და მეორე მხარეს — კომპანიის.

აღნიშნული ფოტო Missguided-ის ინსტაგრამზე უკვე წაშლილია, თავის ინსტაგრამზე კი კარდაშიანი მოდის კომპანიებს მოუწოდებს:

"ძველ სურათებში აღმოვაჩინე ეს ოქროს ლუქი, რომელიც კანიემ [ვესტი] ჩემთვის მაიამიში მოგზაურობამდე შექმნა. პ.ს. სწრაფი მოდის ბრენდებო, შეგიძლიათ დამელოდოთ, სანამ ამ კაბას გარეთ არ ჩავიცმევ და მერე მოიპაროთ?"

კარდაშიანის თქმით, Missguided მის მსგავს მოდელებსა და ფოტოებს ნებართვის გარეშე იყენებს, რათა კომპანიამ ბრენდისა და ვებსაიტის ცნობადობა გაზარდოს. რეალითი შოუს ვარსკვლავი 10 მილიონ დოლარს ითხოვს.

კომპანია აცხადებს, რომ კარდაშიანის სტილი მოსწონს, თუმცა მასთან არ მუშაობს. Missguided-ის განცხადებით, სარჩელი ჯერ არ მიუღია.