გუდამაყრელმა ახალგაზრდებმა მზიურის პარკში ფოტო-აქცია გამართეს და შავ არაგვზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობა გააპროტესტეს.

"არაგვს ვერ დაახურდავებთ", "ამ მიწის ბედი ჩემი ბედია", "არაგვს მილებში ვერ გამაამწყვდევთ" — ეს იმ წარწერების მცირე ჩამონათვალია, რომელიც აქციაზე მისულმა ახალგაზრდებმა პროტესტის ნიშნად პარკის სხვადასხვა წერტილში მეტი საჯაროობისთვის გამოფინეს. ბანერებთან ფოტოს გადაღება ყველას შეეძლო. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდება ჰაშტეგით #არაჰესებსგუდამაყარში.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

აქციის ორგანიზატორის, გუდამაყრის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ხატია მაღლაფერიძის განცხადებით, შავ არაგვზე, ორი 8,35 მეგავატი სიმძლავრის ჰესის – შავი არაგვი და შავი არაგვი 1-ის აშენების ინიციატივა განიხილება. პროცესს შპს სოლო ენერჯი ახორციელებს. მისივე ინფორმაციით, ორივე ჰესი დერივაციული ტიპისაა, რაც გულისხმობს მდინარის ბუნებრივი კალაპოტიდან მილებში გადასროლას.

ხატია მაღლაფერიძე ამბობს, რომ 2019 წლის 11 იანვარს, კომპანიამ ამ ორი ჰესის ე.წ. სკოპინგის ანგარიშის ფორმალური განხილვა მოაწყო. მისივე განმარტებით, განხილვის შესახებ მოსახლეობას არ მიუღია სათანადო ინფორმაცია.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

"განხილვას ესრებოდა შემთხვევით შერჩეული შვიდი მოსახლე. მათთვის არ განუმარტავთ დეტალურად პროექტის შინაარსისა და რისკების შესახებ", — განმარტავს ხატია მაღლაფერიძე.

ის და აქციის მონაწილე სხვა ახალგაზრდები შიშობენ, რომ ჰესების პროექტის განხორციელების შემთხვევაში მდინარე არაგვი მილებში მოექცევა, მოსალოდნელია ეკოლოგიური კატასტროფა და ასევე, ხეობას ტურისტული თვალსაზრისით ზიანი მიადგება. ადგილები, სადაც ჰესების მშენებლობის საკითხი განიხილება გუდამაყრის ხეობაში ყველაზე დასახლებულია.

"ამ დასახლებულ ადგილებში მოსახლეობა კარგავს წყალს. მდინარე არაგვი გაივლის მილებში. ამას გარდა შავი არაგვი არის ღვარცოფული, როგორც მთის მდინარეების უმეტესობა და შეიძლება იგივე დონის ტრაგედია განმეორდეს, როგორიც ვერე იყო. ასევე იქნება ეკოლოგიური კატასტროფაც, რადგან მდინარის 90% მილებში ექცევა და მხოლოდ 10% რჩევა თავისუფალი", — განმარტავს ხატია მაღლაფერიძე On.ge-სთან საუბრისას.

მისი თქმით, ბევრი ახალგაზრდა აპირებს ხეობაში დაბრუნებას და სასტუმროების გახსნას, ტურიზმის განვითარების მიზნით, ჰესების აშენებით კი ეს შესაძლებლობაც იკარგება.

"არაგვის ჭალაზე არაგვი აღარ დახვდება ტურისტს. გუდამაყრის ხეობაში ერთადერთი და განუმეორებელი ხიბლი აქვს ბუნებას, ასე რომ, თუ წყალი და მდინარე არ იქნება ჭალაზე, ეს ხიბლიც დაიკარგება", — ამბობს ხატია მაღლაფერიძე.

ხატია მაღლაფერიძე მარტო არ არის, მასთან ერთად ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ გუდამაყრის სხვა მცხოვრებლებიც. სტუდენტი სოფო ბექაური ამბობს, რომ მისთვის წარმოუდგენელია არაგვის მილებში მოქცევა.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

"გვინდა, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ სხვა ახალგაზრდებს, რომ გვერდში დაგვიდგნენ და დაგვეხმარონ, რათა გუდამაყრის ხეობა დავიცვათ ჰესებისგან და შევინარჩუნოთ ის უნიკალური ლანდშაფტი, რომელიც ამ ტერიტორიას გააჩნია დღემდე", — უთხრა On.ge-ს სოფო ბექაურმა.

სტუდენტი გუდამაყრიდან, ხატია ჩოხელი ფიქრობს, რომ ჰესების მშენებლობა ხეობის დაშლას გამოიწვევს, ხალხი იძულებული გახდება ტერიტორია დატოვოს.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

გუდამაყარი არაგვის გარეშე ვერ წარმომიდგენია, რომლის ხმაზეც ვიძინებდი. ვერ წარმომიდგენია ავიდე და იქ არაგვის ნაცვლად მილები დამხვდეს", — ამბობს ის.

ლუკა ბექაურის აზრით, გუდამაყრის ხეობა საუკეთესო ადგილია აგრო და საფეხმავლო ტურიზმის განვითარებისთვის.

"ჰესების მშენებლობა შეცვლის გარემოს, იმოქმედებს მოსახლეობაზეც. ტურისტული პერსპექტივა წაერთმევა ხეობას. გუდამაყრიდან გადასასვლელებია ყაზბეგსა და ხევსურეთში, რაც საფეხმავლო ტურიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს", — ამბობს ის On.ge-სთან საუბრისას.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ ჰესების, განსაკუთრებით შავი არაგვის ჰესის, საპროექტო ტერიტორია გამოიყენება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მსხვილფეხა რქოსანი და წვრილფეხა პირუტყვის საძოვრად.

"მშენებლობის პროცესში და პროექტის განხორციელების შემდგომ, მწყემსებს შეეზღუდებათ გადაადგილება საძოვარ ტერიტორიებზე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სოფლების დაცლასა და მიგრაციას", — ამბობს აქციის ორგანიზატორი ხატია მაღლაფერიძე.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

აქციის მონაწილეები გაჩერებას არ აპირებენ. მათ პარლამენტის გარემოს დაცვისა და რიბუნებრივი რესურსების კომიტეტს მოუწოდეს განიხილონ ჰესების საკითხი, რაზეც სიტყვიე თანხმობა მიიღეს და სავარაუდოდ, მარტში კომიტეტზე ერთი მოსმენა მხოლოდ ჰესების საკითხს დაეთმობა. ხატია მაღლაფერიძის განმარტებით, ამ მოსმენას არა მხოლოდ გუდამაყრის მოსახლეობა, არამედ ყველა იმ რეგიონის წარმომადგენელი დაესწრება, სადაც ჰესების მშენებლობამ პრობლემები შექმნა.

ასევე გროვდება ხელმოწერები სასამართლო დავისთვის. "დავიცვათ გუდამაყრის ხეობა ჰესებისგან", — ამ სახელწოდებით საინიციატივო ჯგუფმა პეტიციაც გამოაქვეყნა, რომელსაც უკვე 5 000 ხელმოწერა აქვს. 31 მარტს კი გუდამაყარში სახალხო კრება გაიმართება. ხატია მაღლაფერიძის თქმით, ყველა ოჯახიდან ერთი წარმომადგებელი მივა და ჰესების წინააღმდეგ ხეობა ერთსულოვან პოზიციას დააფიქსირებს.