ქართველი კინომცოდნეების გაერთიანება სინეასტი კოლეგებთან და თანამოაზრეებთან ერთად ქართულ კინოთეატრებში რუსულად დუბლირებულ ფილმების წინააღმდეგ პეტიციასა და ღია წერილს ავრცელებს.

"დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს კინოთეატრები არ ითვალისწინებენ საქართველოს კანონმდებლობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე და 14410 მუხლს, ამავდროულად უგულვებელყოფილია საქართველოს კანონი "ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ", 51-ე მუხლი, რაც გულისხმობს ქართულ კინოთეატრებში ქართული სუბტრიტრებისა და დუბლირების აუცილებლობას თითოეულ ფილმში", - წერია პეტიციაში.

გარდა ამისა, სინეასტებმა ქართულ კინოთეატრებს, აღმასრულებელ ხელისუფლებას და განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტროს ღია წერილით მიმართეს.

"ბოლო პერიოდში ქართულ კინოთეატრებში განსაკუთრებით გახშირდა რუსულად დუბლირებული ფილმები, ქართული სუბტიტრებისა და დუბლირების გარეშე. ენა, როგორც ცოცხალი ორგანიზმი უმნიშნელოვანეს როლს ასრულებს ერის განვითარებისთვის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც არის ასეთი სახიფათო მხოლოდ რუსულად დუბლირებული ფილმები. ამავდროულად, ეს არის მავნებლობა კინემატოგრაფისთვის. ხმის დრამატურგია ფილმის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი შემადგენელი ნაწილია მისი აღქმისთვის, რის შესაძლებლობასაც ქართული კინოთეატრების გვართმევენ დღესდღეისობით. მსგავსი აქტი შეიძლება ერის დეგრადაციის მცდელობადაც ჩავთვალოთ, განსაკუთრებით პერმანენტული ოკუპაციის ფონზე მეზობელი სახელმწიფოდან. ჯამში კინოთეატრებში არსებული დღევანდელი მდგომარეობა არამარტო პოლიტიკურია, არამედ არის საქართველოს კანონმდებლობის უგულვებელყოფა", - ნათქვამია ღია წერილში, რომლის ხელმომწერებიც არიან:

  • ნინა გოჩიტაშვილი
  • გიორგი ჯავახიშვილი
  • თეო ხატიაშვილი
  • ალექსანდრე გაბელია
  • ნინო მხეიძე
  • გიორგი რაზმაძე
  • ბასა ხარაზი
  • ზამზა შოთა იმნაძე
  • ნენო ქავთარაძე
  • ნინია კაკაბაძე
  • ლევან აბდუშელიშვილი
  • ლევან ცხოვრებაძე
  • დავით დავითიანი
  • ნინი შველიძე
  • გიორგი ყოლბაია

კინომცოდნეების გაერთიანება კინოთეატრებსა და წერილის სხვა ადრესატებს მოქმედებისთვის ორ კვირიან ვადას აძლევს.