თბილისის LGBTQI პრაიდის ორგანიზატორებმა ოფიციალური ლოგო ფეისბუქზე გაავრცელეს. ლოგოზე კინტოა გამოსახული, რომელიც ლადო გუდიაშვილის ნახატის მოტივებზე შეიქმნა.

პრაიდის ორგანიზატორები წერენ, რომ "კინტო არაბინარული, ქვიარ ადამიანია. თბილისის მრავალფეროვნებისა და ავთენტურობის სიმბოლო".

თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI პრაიდი დაიგეგმა. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება გაიმართება. პრაიდის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება, მათ შორისაა საერთაშორისო კონფერენცია, "ღირსების მარში" და სოციალური სპექტაკლი.

თბილისის პრაიდის დაანონსებას მალევე გამოეხმაურა ნეონაცისტური დაჯგუფება ქართული მარში. ისინი პრაიდის ჩასაშლელად 15-დან 30 ივნისამდე თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე აქციების გამართვას აპირებენ.

თბილისის მერიაში On.ge-ს დაუდასტურეს, რომ ქართულმა მარშმა განაცხადა შეიტანა. მათი განმარტებით, მერია აქციებისა და შეკრებების შესახებ შესულ ყველა განცხადებას ცნობად იღებს, ნებართვას არ გასცემს და აკრძალვის უფლება არ აქვს.

გაიგე მეტი: რა იგეგმება თბილისში LGBTQI პრაიდის ფარგლებში