ახალი კვლევის მიხედვით, მარიხუანა ადამიანთათვის უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება, რამაც შეიძლება ალკოჰოლის ინდუსტრიაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

"მარიხუანა კვლავაც უამრავ ადგილას არის აკრძალული, თუმცა ის მსოფლიოს მასშტაბით ნელ-ნელა ლეგალური და მისაღები ხდება, რაც სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს", - აცხადებს საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კვლევის კომპანიის (IWSR) აშშ-ს რეგიონალური დირექტორი ბრენდი რენდი.

ხუთშაბათს IWSR-მ გამოაქვეყნა მარიხუანას ბაზრის შემსწავლელ კომპანია - BDSA Analytics-თან ერთად ჩატარებული კვლევა, რომლის მიზანიც ალკოჰოლის ინდუსტრიაზე მარიხუანის ლეგალიზაციის გავლენის შესწავლა იყო.

კვლევის მიხედვით, მარიხუანის ლეგალიზაციამ კანაფით დამზადებული პროდუქტების ინდუსტრიის უზარმაზარი ზრდა გამოიწვია, ხოლო ავტორები მიიჩნევენ, რომ მომავალში მარიხუანას მოხმარება კიდევ უფრო გაიზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანის მოხმარების ზრდა, აუცილებლად ალკოჰოლის მოხმარების შემცირებას არ ნიშნავს, რენდის თქმით, ალკოჰოლის ინდუსტრია ახალი კონკურენტისთვის მზად უნდა იყოს.

"მნიშვნელოვანია, რომ ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებმა საკუთარ მომხმარებლებს ყურადღება მიაქციონ და გაიაზრონ, რომ ზოგჯერ მარიხუანის ლეგალიზებამ შესაძლოა ალკოჰოლის მოხმარების შემცირება გამოიწვიოს", - აცხადებს რენდი.

"ადამიანები მარიხუანის მოხმარებას გააგრძელებენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ შთაგონების მიღება ან მოტივირება დასჭირდებათ, თანაც, მარიხუანას უამრავი ადამიანი სამედიცინო მიზნებისთვისაც იყენებს", - აცხადებს BDS Analytics-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯესიკა ლუკასი.