თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ On.ge-ს სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 19 თებერვალს, თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობა მიაყენა 53 წლის პირს. მათი თქმით, იქვე მყოფმა პირმა საპასუხოდ ისროლა და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 43 წლის პირს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. მათივე თქმით, კონფლიქტში მონაწილე სხვა პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განზრახ მკვლელობის მცდელობის, იარაღის უკანონო ტარების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 5 პირია დაკავებული, განზრახ მკვლელობის საქმეზე კი ერთს ამ დრომდე ეძებენ.