ქართული ოცნების ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ფრაქციის დატოვების შესახებ მათ თანაპარტიელმა გედევან ფოფხაძემ მიმართა. ფრაქციის დატოვებაზე წერილის რეგისტრაციას On.ge-სთან საუბრისას ადასტურებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანიც.

"ზოგადად არის ძალიან სამწუხარო, როდესაც პარტიას ტოვებენ ჩვენი თანაგუნდელები, მაგრამ მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება იმ მიზეზით, რომ მმართველმა პარტიამ ხმა არ მისცა არაკონსტიტუციურ კანონს", — აღნიშნა მდინარაძემ.

ფოფხაძე On.ge-სთან საუბრისას ამ ინფორმაციას ირიბად ადასტურებს და ორშაბათს, 25 თებერვალს ამ საკითხზე ბრიფინგს აანონსებს.

"მე ჯერჯერობით არ ვადასტურებ. მაგრამ რადგან [გიორგი კახიანი] ამბობს, მთლად მოკლებული არ არის რეალობას. მოდით, ჯერ ბიურომ დაადასტუროს და მერე ვიტყვი ყველაფერს, მინდა პროცედურულად დადასტურდეს, თორემ წინასწარი დაანონსებული გასვლები არ მინდა, მაღიზიანებს. ერთი-ორჯერ მომიწია მაგ თემების გაშლა და მერე ისე გამოვიდა, გეგონება, მივდიოდი და არ წავედი", — აღნიშნავს ფოფხაძე.

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერებაზე ეკა ბესლიასა და მისი თანამოაზრეების კანონპროექტი 21 თებერვალს პარლამენტმა ჩააგდო. კანონპროექტს ხმა 45-მა დეპუტატმა მისცა, 17 — წინააღმდეგი იყო. სწორედ ეს გახდა პარტიიდან ბესელიასა და გოგიჩაიშილის წასვლის მიზეზი.

ქართული ოცნებიდან მხარდამჭერებს შორის იყვნენ: რევაზ არველაძე; ეკა ბესელია; ბიძინა გეგიძე; ლევან გოგიჩაიშვილი; ალექსანდრე ერქვანია; ზვიად კვაჭანტირაძე; ლევან კობერიძე; გიორგი მოსიძე; კობა ნარჩემაშვილი; ბექა ნაცვლიშვილი; ზაზა პაპუაშვილი; რუსლან პოღოსიანი; გია ჟორჟოლიანი; გედევან ფოფხაძე; ალექსანდრე ქანთარია; ოთარ ჩრდილელი; მირიან წიკლაური.