19 წლის ანა აროშიძე, რომელიც პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით დააკავეს, აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. მის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური პარტია გირჩი ავრცელებს.

"მე არ ვარ კრიმინალი, რადგან ჩემი მიზანი არ ყოფილა ვინმესთვის ზიანის მიყენება, მე არ გადამიღია და საჯაროდ არ გამივრცელებია კადრები, და ვერასდროს წარმომედგინა, რომ დამიჭერდნენ იმ ვიდეოს გამო, რომელიც საჯარო სივრცეში - ინტერნეტში ვიპოვე და სამ მეგობარს ვაჩვენე. მე არ ვარ კრიმინალი და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ, დამეხმაროთ ამის დამტკიცებაში", — წერს აროშიძე.

მისი მონაყოლიდან ირკვევა, რომ ის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მომაკვდავი მამის (რომელიც ხუთ დღეში გარდაიცვალა) თვალწინ დააპატიმრეს.

"ლოგინად ჩავარდნილი მამასთვის ნარკოტიკული ინექციის გარეშე ყოფნა წამებას ნიშნავდა, მორფინის გამოტანაზე პასუხისმგებელი პირი კი მე ვიყავი. ჩემი გატაცება-დაპატიმრების შემდეგ დედას ერთი დღე დასჭირდა, რომ მორფინი ჩემ ნაცვლად გამოეტანა და ამ ხნის განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ მამაჩემი წამებისთვის გაიმეტა", — ამბობს ის.

მისი თქმით, ის დააპატიმრეს იმის გამო, რომ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუგზავნა სამ მეგობარს. ის დღეს გირაოთი გაათავისუფლეს.

"მინდოდა ყველაფერზე ხელი ჩამექნია და დავმალულიყავი, მაგრამ ჩემი მეგობრები ციხეში ისევ სხედან, იგივე ბრალდებით, და მე გადავწყვიტე ყველაფერი გავაკეთო მათ დასახმარებლად. გადავწყვიტე, მამაჩემს დავუმტკიცო, რომ მისი შვილი კრიმინალი არ არის. ამიტომ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში", — განმარტავს ის.

ფარული კადრების გავრცელება

28 და 31 იანვარს ინტერნეტით გავრცელებულ ქართული ოცნების ლიდერის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. საქმეზე დაკავებული 17 პირიდან სამს — პატიმრობა, 14-ს კი გირაო შეეფარდა.