ქამინგ-აუთი ანუ გამოსვლა, უფრო კონკრეტულად კი, "კარადიდან გამოსვლა" გეი, ლესბოსელი ან ბისექსუალი ადამიანის მიერ საკუთარი ორიენტაციის შესახებ საჯაროდ საუბარს ნიშნავს.

ჩვენს ქვეყანაში, სადაც ჰომოფობიური განწყობები ჯერ კიდევ მაღალია და ლგბტ ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან აგრესიას, საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ხმამაღლა საუბარი ნამდვილად არ არის ადვილი.

მიუხედავად 2014 წელს მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონისა, რომლის მიზანიც ქვეყანაში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრაა, გეი თუ ლესბოსელი ადამიანები ოჯახში, სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში, თუ უბრალოდ ქუჩაში, ჯერ კიდევ განიცდიან სხვადასხვა ტიპის დისკრიმინაციას.

სიტუაციას არც სამართალმდაცავებისთვის მიმართვა აადვილებს. მაგალითისთვის შეგვიძლია მწერალ ზურა აბაშიძის შემთხვევა გავიხსენოთ, რომელსაც ჯერ ჰომოფობიურ ნიადაგზე მიაყენეს შეურაცხყოფა, შემდეგ კი პოლიციამ ყველა ხერხი იხმარა, რომ ეს მოტივი დოკუმენტებში არ ასახულიყო.

"სახლში რაც უნდათ, ის აკეთონ" — ალბათ, გსმენიათ ეს ფრაზა, რომელიც ლგბტ ადამიანებს საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობასა და საკუთარი არსებობის შესახებ ღიად გაცხადებას უკრძალავს. მათ პრობლემებზე საუბარი კი ხშირად "გეობის პროპაგანდად" ინათლება.

როგორია ამ პირობებში საჯაროდ იმის გაცხადება, რომ გეი ხარ? საკუთარ გამოცდილებას სამი ადამიანი გვიზიარებს.

ლუკა, 25 წლის: "აღმოჩნდა, რომ ჩემები ყველაფერს ხვდებოდნენ"

21 წლის ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია მქონდა. პირველად ამის შესახებ ჩემს ლესბოსელ მეგობარს ვუთხარი, რომელმაც გამიგო და გვერდში დამიდგა. ოჯახის წევრებთან კი ამ თემაზე ბოლო რამდენიმე თვეა დავიწყე ლაპარაკი. ჩემმა ბიძაშვილმა და დეიდამ მარტივად მიიღო, დედამაც, თუმცა მაინც უჭირს შეგუება - ფიქრობს, რომ ეს ახალგაზრდული გართობაა და იმედი აქვს, რომ "განვიკურნები".

წარწერა: თუ დღეს არ შეგიძლია დაქამაუთება, იცოდე, რომ სიყვარულს იმსახურებ

მიუხედავად ამისა, ჩემი ცხოვრება არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა რთული, თუ არ ჩავთვლით შინაგან დისკომფორტს, რომელსაც ჩემ შესახებ ადამიანების მცდარი წარმოდგენა იწვევდა. არ მომწონდა, რომ გარშემომყოფებმა, ახლობლებმა და თუნდაც იმ ბიჭებმა, ვისაც შეიძლება მოვწონებოდი, ჩემ შესახებ სიმართლე არ იცოდნენ.

ქამინგ-აუთი დამეხმარა, რომ ადამიანებთან ნდობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული, ნამდვილი ურთიერთობები მქონოდა. მეტიც, დედასთან ჩემს პარტნიორზეც კი ვისაუბრე. აღმოჩნდა, რომ ჩემები ყველაფერს ხვდებოდნენ და ისეთ დეტალებს იჭერდნენ, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი.

ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ ეს მარტივი გზა იყო. რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო და ახლაც ხშირად მაქვს რთული მომენტები, მაგრამ თავისუფლებისთვის, ნამდვილად ღირს!

რას ურჩევდი სხვებს?

ადამიანებს, რომლებიც საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას დღემდე მალავენ, ვურჩევდი, რომ ამ თემაზე ხშირად ისაუბრონ, თუნდაც ზოგადად და არა საკუთარ თავზე. დააკვირდნენ ახლობლების განწყობებს. ნეგატიური განწყობების შემთხვევაში, განაგრძონ მათი აზრის შეცვლაზე მუშაობა, რაშიც ინტენსიური კომუნიკაცია დაეხმარებათ. დრო და სიტუაცია თავისით მოიტანს ქამინგ აუთის საჭიროებას.

გიო, 20 წლის: "ქამინგ-აუთის შემდეგ თითქოს დიდი ლოდი მომეხსნა მხრებიდან"

12 წლის ვიყავი, როდესაც გავაცნობიერე, რომ გოგოების ნაცვლად, ბიჭები მომწონდა. ჩემი სექსუალური ორიენტაციის შესახებ კი პირველად უნივერსიტეტის პირველ კურსზე, პირველივე დღეს გაცნობილ გოგოს მოვუყევი. ამის შემდეგ კი დაახლოებით ერთი წელი დამჭირდა, რომ სიმართლე ყველა ახლო მეგობრისთვის მეთქვა.

ფოტო: HYQueer Brand Identity Design

ის, რომ ბიჭები მომწონს, ჩემთვის არასდროს წარმოადგენდა პრობლემას. თუმცა, ყოველთვის ვმალავდი, რადგან ვიცოდი, რომ კლასელებს, მეგობრებსა, თუ ოჯახის წევრებს ამის მოსმენა არ გაახარებდათ და მეტიც, სულ მეშინოდა, რომ ბულინგის მსხვერპლი გავხდებოდი. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან რთული ცხოვრება მქონდა, თუმცა ყოველთვის მაწუხებდა ის ფაქტი, რომ ჩემ შესახებ სიმართლე არ იცოდნენ.

ქამინგ აუთის შემდეგ თითქოს დიდი ლოდი მომეხსნა მხრებიდან. როგორც იქნა, თავისუფლება ვიგრძენი. უამრავი ადამიანი გავიცანი და ახალი მეგობრებიც გავიჩინე. მოკლედ, აღიარების შემდეგ ჩემი ცხოვრება გაფერადდა.

რას ურჩევდი სხვებს?

ადამიანებს, რომლებიც ვერ ბედავენ, რომ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ისაუბრონ, ვურჩევდი, რომ, პირველ რიგში, საკუთარ თავს გამოუტყდნენ. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ ინდივიდუალურები ვართ და მივიღოთ და დავაფასოთ საკუთარი თავი, ისეთი როგორიც ვართ. (ჩვენ ხომ არაჩვეულებრივები ვართ). მოკლედ, მთავარია საკუთარი თავის რწმენა გვქონდეს და ამის შემდეგ, ყველაფერს შევძლებთ.

ბექა გაბადაძე, 28 წლის: "ახლა ბევრად უფრო მეტი უსაფრთხო სივრცეა, სადაც შენს ამბავს მოყვები"

ჩემი ისტორია ქამინგაუთის შესახებ ლამაზი ზღაპარი არ არის. მე არ მქონია ფუფუნება, გადამეწყვიტა დრო, როდის გავაკეთებდი ქამინგაუთს და მგონია, რომ ეს ბევრი ახალგაზრდა გეის შემთხვევაშიც ასეა. იძულებითი ქამინგ-აუთი ჰომოფობიის მტკივნეული ტრადიციაა არა მხოლოდ საქართველოში.

ფოტო: ბექა გაბადაძე

შენ მუშაობ, სწავლობ, სხვადასხვა თემა გაღელვებს და ამ დროს ადამიანები, რომლებიც შენ არ გეთანხმებიან, ძალაუფლებას ძალადობით გახვევენ თავზე. ხშირად გაგიგიათ "ჩუმად იყვნენ ვინ უშლით" - არადა, ვერასოდეს იქნებით საკმარისად ჩუმად. "ფარდა" ან "ნიღაბი" რომელითაც შენს ჰომოსექსუალობას შენიღბავ, არასოდეს იქნება საკმარისი, აუცილებლად დაგრჩება ფეისბუქი ჩართული, აუცილებლად ვინმე დაინახავს, როგორ კოცნი შენს საყვარელ ადამიანს, აუცილებლად დაგაშანტაჟებენ თუ რომელიმე ძალაუფლების მქონე პირს ან ინსტიტუციას დაუპირისიპირდები. 21 წლის ასაკში ასე მომიწია ოჯახთან ქამინგაუთი. მეორე დღეს კი ერთ-ერთმა გამოცემამ ჩემი პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა და მომდევნო კვირეებში უნივერსიტეტშიც და სამსახურშიც ჰომოფობიური დამოკიდებულებების მსხვერპლი არაერთხელ გავხდი.

ჩემი ერთი გეი მეგობარი კარგა ხანი მართვის მოწმობას არ იღებდა, როცა ვკითხე, რატომ იგდებ თავს საფრთხეში-თქო, მიპასუხა ცოტა ხანი სახლში აღარ მაწუხებენ შეკითხვით "როდის მოგყავს ცოლი" ახლა "პრავას როდის აიღებ" მეკითხებიანო. თქვენ წარმოიდგინეთ და ამას დღემდე მეკითხებიან მეც, რადგან ამ ხალხისთვის ამ ტიპის ურთიერთობა ერთადერთი ფორმაა ბედნიერების. არადა სხვა სახის ბედნიერი ურთიერთობებიც არსებობს, მათ შორის არამონოგამიურიც.

რას ურჩევდი სხვებს?

ქამინგ-აუთის შემდეგ ბევრად უფრო თავდაჯერებული ხდები, ჰომოფობიურ გარემოში გაზრდილს ორიენტაციასთან დაკავშირებული ბევრი კომპლექსი გეხსნება, მაგრამ თუკი შენი მხარდამჭერი მეგობრები არ შემოიკრიბე, ძალიან გაგიჭირდება. ახლა ბევრად უფრო მეტი უსაფრთხო სივრცეა, სადაც შენს ამბავს მოყვები, თანამშრომლებში და ნათესავებში აუცილებლად იპოვნი ადამიანებს, რომლებიც გვერდში დაგიდგებიან, როცა ეს დაგჭირდება.

იმის გამო, რომ ქამინგ-აუთი საკმაოდ ემოციური აქტია, სჯობს ის არაძლადობრივ გარემოში გააკეთო და ფსიქოლოგი ან სოცალური მუშაკი მიიხმარო. ქამინგ-აუთი არ არის ერთჯერადი აქტი, ეს არის შენი ცხოვრება, ხშირად ჰგონიათ, რომ ეს პარტნიორებს დააკარგვინებთ, ან აღარ მოეწონება ვინმეს, ეს მითია. ხშირად პირიქით ხდება. პრობლემაა ხოლმე, როცა წყვილიდან ერთ-ერთს ქამინგ-აუთი აქვს გაკეთებული, მეორეს - არა. ნამდვილი სიყვარული ყველაფერს გაუძლებსო, კი იციან ჩვენში თქმა, მაგრამ თუ სოციალური მხარდაჭერა წყვილს არ აქვს, ძალიან რთულია ასეთ გარემოში ცხოვრება. მე ვურჩევდი ასეთ წყვილებს, მეგობრული ფსიქოლოგებისთვის მიემართათ, რომლებიც სათემო ორგანიზაციებს ჰყავთ.

მიუხედავად იმ რისკებისა, რასაც ამ პასუხებში იპოვნით, ქამინგ-აუთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, როცა საჯაროდ ჰომოფობიის წინააღმდეგ იბრძვი. ეს იმისი თქმაა, რომ ჩაგვრა არ არის ბედისწერა. თვით ყველაზე მტრულად განწყობილი ადამიანებიც კი, რომლებსაც ჰომოფობიური წინასწარგაწყობები აქვთ, უკან იხევენ, როცა ხედავენ რეალურ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი თავის სჯერათ.