ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის წინაშეა. პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება სამმა დეპუტატმა ბოლო ორ დღეში განაცხადა.

"თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ რაღაც დავკარგეთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო მობილიზებულები ვართ. ბევრად უფრო ეფექტურნი ვიქნებით და საზოგადოების დაკვეთაა, რომ გავაუმჯობესოთ ცხოვრების პირობები ჩვენს ქვეყანაში და კიდევ უფრო ეფექტურად ვიმუშავებთ ამისთვის", — ასე შეაფასა პარტიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა თანაგუნდელების განცხადება პარტიის დატოვების შესახებ.

საქართველოს კანონმდებლობით საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის 3/4-ია საჭირო. 150 დეპუტატის შემთხვევაში ეს რიცხვი 113-ია.

ქართულ ოცნებას დეპუტატების წასვლამდე პარლამენტში ჯამში 115 წევრი ჰყავდა. პარტიის დატოვებაზე განაცხადეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა. საკონსტიტუციო უმრავლესობის დასაკარგად ახლა მხოლოდ ამ დეპუტატების პარტიიდან წასვლის ოფიციალური დასტურია დარჩენილი.