პარლამენტმა საპენსიო სისტემაზე ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების წევრის, ბექა ნაცვლიშვილის ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტს მხარი არ დაუჭირა. პაკეტს 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც საკმარისი რაოდენობა არ იყო. წინააღმდეგ 10 იყო.

საკანონმდებლო პაკეტი ბექა ნაცვლიშვილმა წარადგინა. ინიციატივა სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებულ, თაობათა შორის სოლიდარობის სქემის ამოქმედებას ითვალისწინებს.

ბექა ნაცვლიშვილმა გუშინ, 21 თებერვალს განაცხადა, რომ თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს მის ინიცირებულ კანონპროექტს, ის უმრავლესობის დატოვებს.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა. 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის სქემაში ჩართვა სავალდებულოა. ისინი ვალდებულნი არიან საპენსიო ფონდში დასაბეგრი ხელფასის 2% შეიტანონ. თანხის გადარიცხვას ახორციელებს დამსაქმებელი დასაქმებულის სახელით.

როგორ გროვდება პენსია

დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება. აქედან 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი - სახელმწიფო.

წარმოვიდგინოთ, რომ თქვენი დაუბეგრავი ხელფასი არის 1 000 ლარი, საშემოსავლოს ჩამოჭრის შემდეგ 800 ლარს აიღებთ. დაუბეგრავი ხელფასის 4-პროცენტიანი შენატანი, რომელიც დამსაქმებელმა და დასაქმებულმა უნდა გააკეთონ, 40 ლარია. ეს თანხა, შესაძლოა, თქვენს ხელზე ასაღებ ხელფასს მოაკლდეს, 800 ლარის ნაცვლად კი 760 აიღოთ.

შესაძლოა, რომ დამსაქმებელმა ორი პროცენტი თვითონ გადაიხადოს, ხოლო ორი პროცენტი დასაქმებულს ჩამოაჭრას ხელფასიდან, ამ შემთხვევაში თქვენი ხელფასი 780 ლარი იქნება.

სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, დამსაქმებელმა დაუბეგრავი ხელფასი მოგიმატოთ, რათა ხელზე იგივე თანხა აიღოთ. 1 000 ლარის შემთხვევაში, მისი ხარჯი 5,26 პროცენტით გაიზრდება, ანუ მისი ხარჯი 52,6 ლარით მოიმატებს.