პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი, ადა მარშანია აცხადებს, რომ ქართული ოცნებიდან ეკა ბესელიას წამოსვლის შემდეგ მათთან თანამშრომლობისთვის მზადაა. მისი თქმით, თუ ეკა ბესელია ფრაქციას შექმნის, პატრიოტთა ალიანსთან კოალიციას არ გამორიცხავს.

"ჩვენ გვიხარია, რომ ჩვენი თანამებრძოლები არიან იმ გზაზე დამდგარი, რასაც ჰქვია ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღება. ჩვენ ვხედავდით, რომ ისინი იმყოფებოდნენ მძიმე მდგომარეობაში. მოვლენების ამგვარ განვითარებას ვვარაუდობდით. კიდევაც მოხდა, რაც იყო მოსახდენი. მინდა მოგილოცოთ", — განაცხადა ადა მარშანიამ.

მისი თქმით, მათ ბევრი ბრძოლა ელით წინ და უხარია, რომ "ძველი თანამებრძოლები უბრუნდებიან".

"მე სურვილიც გამოვთქვი, რომ იმის შემდეგ, რაც შესაძლოა, ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები გამოიყოფიან უმრავლესობიდან ფრაქციით, პატრიოტებთან იყვნენ კოალიციაში, მგონი, ამისკენ მიდის ყველაფერი. ერთი მსოფლმხედველობა, ერთნაირი მიზნები და იდეალები გვაკავშირებს", — განაცხადა ადა მარშანიამ.