პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის თქმით, ეკა ბესელიას უმრავლესობიდან წასვლა სამწუხარო ფაქტია. ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვაზე ჩუგოშვილმა თქვა, რომ ეს ტრაგედია არ არის.

"საკონსტიტუციო უმრავლესობა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ზედმეტია. ნამდვილად არ გამოვეტირები მე პირადად, არ მგონია სწორი და კარგი რამ", — განაცხადა ჩუგოშვილმა.

პარლამენტში საგანგებო ბრიფინგზე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ქართულ ოცნებასა და საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. დეპუტატმა განაცხადა, რომ ის პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება. მანვე აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს პოლიტიკური პლატფორმის შექმნას.

გადაწყვეტილება დეპუტატმა მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მათ ინიცირებულ კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ. კანონპროექტი 45 ხმით, 17-ის წინააღმდეგ ჩავარდა, კანონპროექტის მისაღებად აღნიშნული მხარდაჭერა საკმარისი არ იყო.

გუშინვე, 21 თებერვალს კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის დატოვებაზე განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს გედევან ფოფხაძე ჯერ უცნობია. მან ჟურნალისტებს განუმარტა, რომ თავის გადაწყვეტილებას საზოგადოებას რამდენიმე დღეში გააცნობს.

უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა ბექა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს მის ინიცირებულ კანონპროექტს დაგროვებითი პენსიის შესახებ ის უმრავლესობიდან წავა.

საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის 113 მანდატია საჭიროა, 2016 წლის არჩევნებით კი ქართული ოცნებამ პარლამენტში 115 ადგილი მოიპოვა. ამ ეტაპისთვის უმრავლესობის დატოვებაზე განცხადება ლევან გოგიჩაიშვილმა და ეკა ბესელიამ გააკეთეს. კიდევ ერთი დეპუტატის წასვლის შემთხვევაში მმართველმა გუნდმა შესაძლოა, საკონსტიტუციო უმრავლეობა დაკარგოს.