"კონსტიტუციის ღირსება მაშინ უნდა დაგვეცვა, როცა შპარგალკები მოდიოდა იმ მუხლებში, რომელიც მოსამართლეებს ეხებოდა", — ეს განცხადება ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, კონსტიტუციის ღირსება პარლამენტის თავმჯდომარეს დეკემბრის ბოლოს უნდა გახსენებოდა, როცა ვერ გაბედა და წინააღდეგობა ვერ გაუწია მოსამართლეებს.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ უმრავლესობის სხდომაზე მისი ინიციატივა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ არავის გაუპროტესტებია, მაგრამ ახლა მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ "ბიჭები გაბრაზდნენ". დეპუტატს არ დაუკონკრეტებია გულისხმობდა თუ არა მოსამართლეებს, მაგრამ ეს სიტყვები მოსამართლეებთან მიმართებაში მანამდეც გამოიყენა და თან აღნიშნა "მოსამართლეები ისევ ისე შემოგვითვლიან, რომ ეს არ მოწონთ".

დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის სხდომაზე თქვა, რომ ნაციონალურ მოძრაობასა და უმრავლესობის დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს შორის კონსენსუსი ნიშანდობლივია, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის კანონპროექტზე. ბესელიამ კობახიძეს ამ სიტყვებისთვის ბოდიშის მოხდა მოთხოვა.

პარლამენტში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჯერებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე მსჯელობენ. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

კობახიძემ პარლამენტის სხდომა დატოვა და დეპუტატების მოთხოვნით მიუხედავად არ წაუძღვა. მისი სხდომაზე დასწრება მოითხოვეს როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლებმა. სხდომის წამყვანმა, ზვიად ძიძიგურმა სხდომის შეწყვეტის საკითხს კენჭი უყარა და აღნიშნა, რომ ამ აზრს მხოლოდ დეპუტატთა უმცირესობა არ დაეთანხმა.

დაპირისპირება მმართველ გუნდში

მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია და ამ მიზეზით, ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება გახდა. ბესელიას პოზიციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდებოდნენ და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

ბესელია მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობების დატოვების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა. მისი გადადგომის შემდეგ ზარდიაშვილს მოუწევდა ამ თანამდებობაზე მუშაობა. ბესელია კი ამბობდა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ზარდიაშვილის ხელში ვერ დატოვებდა. ვანო ზარდიაშვილი ის დეპუტატია, რომლის "სასამართლოს გავლენიან ჯგუფებთან" კავშირებზე არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ.

თანამდებობის დატოვები მიზეზებზე საუბრისას ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მხარი დაეჭირა. დეპუტატის თქმით, სწორედ ამ მიზეზით დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი.

კობახიძემ პასუხად განაცხადა, რომ ბესელიას გადადგომა მოსამართლეების სიას არ უკავშირდება. მან თქვა, რომ "გუნდის წინააღმდეგ წასვლას" არავის ურჩევდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შემდეგ ბესელიამ პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე წარადგინა. კომიტეტმა გედევან ფოფხაძე ამ თანამდებობაზე აირჩია, თუმცა უმრავლესობამ ფოფხაძე კომიტეტიდან გაიწვია.

ბოლოს ბესელიას განცხადებებს ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი გამოემხურა. მისი თქმით, ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პარტიისა და გუნდურობის პრინციპების წინააღმდეგ წავიდა. ამ განცხადების შემდეგ გაჩნდა ვარაუდები, რომ ბესელიას და მის მხარდამჭერ დეპუტატებს პარტიიდან გარიცხავდნენ.

24 იანვარს უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც მოსამართლეების საკითხზეც იმსჯელეს. პარტიის სხდომის დასრულების შემდეგ ბესელიამ განაცხადა, რომ პარტიიდან გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა, "ეს იყო კარგი შეხვედრა" და ივანიშვილს სწორი პოზიცია ჰქონდა.

რამდენიმე დღეში სოციალურ ქსელებში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ბესელიამ აღნიშნა, რომ კადრების გავრცელება დროში დაემთხვა მოსამართლეების შესახებ მის ღია განცხადებებს. დეპუტატს არ უთქვამს, რომ მის წინააღმდეგ მისი პარტიის წევრები არ იბრძვიან, თუმცა აღნიშნა, რომ ვიდეომასალის გავრცელება "არაფერში სჭირდება" შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

მოგვიანებით ბესელიამ კადრებთან დაკავშირებით თანაგუნდელების განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ უხერხულია, როცა ისინი ამბობენ, რომ კადრები არ უნახავთ და ვერ შეაფასებენ. ბესელია ამბობდა, რომ ბრძოლის გაგრძელებას ბოლომდე აპირებდა.

5 თებერვალს ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა არასამთავრობოებისა და საზოგადოების მხრიდან სასამართლოს კრიტიკის შესახებ. მათი თქმით, არ დაუშვებენ სასამართლო ხელისუფლების უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაციას.

ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ განაცხადეს, რომ პოლიტსაბჭოს განცხადება მათთვის მიუღებელი იყო და ამაზე უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებდნენ. 6 თებერვალს კი კანონპროექტი დაარეგისტრირეს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესაჩერებლად.

უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბესელიამ თქვა, რომ დადგა ის მომენტი, როცა გადაწყვეტილების მიღებაზე უნდა ეფიქრა. მისი თქმით, რამდენიმე დღე სჭირდებოდა იმის გადასაწყვეტად დატოვებდა თუ არა პარტიას. ლევან გოგიჩაიშვილმა კი აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, მაგრამ გაჟღერებამდე სურდა დაენახა სად დაშორდა მისი და პარტიის ინტერესები ერთმანეთს.

19 თებერვალს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ბესელიასა და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერებაზე მხარი არ დაუჭირა. დღეს, 21 თებერვალს კი კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.