საქართველოს პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის რეზოლუციას, რომელიც "სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის" ძალადობრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებს, მხარი არ დაუჭირა. დოკუმენტს მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც რეზოლუციის მისაღებად საკმარისი არ იყო. წინააღმდეგ კი, 16 წავიდა.

პროექტი პარტია პატრიოტა ალიანსმა მოამზადა. ისინი დოკუმენტში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ყოფილი თანაგუნდელის, გიგა ბოკერიას მმართველობის პერიოდს "ავტორიტარულს" უწოდებენ.

პროექტის განმარტებით ბარათში რეზოლუციის მიღების მიზნად განისაზღვრა საქართველოში სამართლიანობის აღდგენა, დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება, გამოაშკარავება და დამნაშავეების დასჯა.

"ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს, სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ რეზოლუციის აღსრულების ოპერატიული კონტროლი", — ნათქვამია რეზოლუციის განმარტებით ბარათში.