მიუხედავად იმისა, რომ თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ დავა შეწყვიტა, თიბისის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და მისი ყოფილი მოადგილე მამუკა ხაზარაზე და ბადრი ჯაფარიძე პირად დავას აგრძელებენ. სასამართლო დავების გაგრძელების შესახებ მათ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ისაუბრეს. On.ge-ს კი თიბისიში დაუდასტურეს, რომ ეს კერძო დავები ეროვნულ ბანკს ეხება.

"დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში", — წერს მამუკა ხაზარაძე.

ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ის არასამართლიანად და დაუსაბუთებლად მიიჩნევს ეროვნული ბანკის მოთხოვნას, თუმცა სწორ ნაბიჯად მიაჩნია თიბისი ბანკის განცხადება იმის შესახებ, რომ რეგულატორთან დაპირისპირება შეწყდა. მისი თქმით, ამით ბანკი დაუბრუნდება ჩვეულ ტემპს, მაგრამ თავად დავას გააგრძელებს.

"მე, როგორც ბადრი ჯაფარიძე, არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ ჩვენი სიმართლის მტკიცებას და მივიღებ მონაწილეობას პარლამენტის მიერ დანიშნულ განხილვებში 26 თებერვალს. რაც შეეხება ჩემს მომავალს ბანკში - მე პატივს ვცემ ბანკის გადაწყვეტილებას და მის შესაბამისად ვიმოქმედებ", — განაცხადა ჯაფარიძემ.

დღეს, 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვეს. ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე. მათივე თქმით, თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს.

თიბისი ბანკის საქმე

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბარი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.

ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ დაწყებული გამოძიება ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

ამავე თემაზე: