განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ლადო აფხაზავას მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 10 ფინალისტს შორის მოხვედრა საგანმანათლებლო სისტემისთვის უმნიშვნელოვანესია. მისი თქმით, აფხაზავა წარმატებული შემოქმედებითი პედაგოგის ნათელი მაგალითაია და სხვებისთვისაც სტიმული გახდება.

ბატიაშვილის თქმით, ქვეყნისთვის ძალიან საამაყოა, რომ ქართველი პედაგოგის ცოდნა და უნარები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მისივე თქმით, სამინისტროს მიზანს, სწორედ ასეთი პედაგოგების ხელშეწყობა და წახალისება წარმოადგენს და სისტემაში მიმდინარე რეფორმაც ამ მიზანს ემსახურება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს ფინალისტი გახდა. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება.

ლადო აფხაზავას პროგრამაა "დემოკრატიული რევოლუცია", რომელიც გულისხმობს სკოლის მენეჯმენტის გარდაქმნას, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაცია გაუმჯობესების გზით. პროგრამა უკვე 14 სკოლაში დაინერგა.

აფხაზავა 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. მისი მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება.

"მასწავლებლის გლობალური ჯილდო" 1 მილიონი დოლარის ოდენობის ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც გადაეცემა გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის. კამპანიის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და აღიარება, საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა და დაფასება. ჯილდო მოქმედებს 2015 წლიდან.