23 თებერვალს, 14:00 საათზე ჭიდაობის ფედერაციასთან ევროპის ჩემპიონის, ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქცია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის პარალელურად დაიგეგმა, რომელზეც 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტს განიხილავენ.

"მოძალადეები არ უნდა იკავებდნენ თანამდებობას. საჯარო სექტორში დასაქმებული პირები არ უნდა ძალადობდნენ მოქალაქეებზე. ერთად შევქმნათ დაუსჯელი ჩინოვნიკის დასჯის პრეცედენტი. ეს არ არის მხოლოდ ზურა დათუნაშვილის ბრძოლა, ეს ჩვენი ბრძოლაა.. დაიცავი შენი უფლებები, რათა შემდეგი მსხვერპლი არ აღმოჩნდე შენ", — ნათქვამია ინფორმაციაში.

დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში

11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დროს ინციდენტი მოხდა. რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს მუშტი სახეში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ (გეგა) გეგეშიძემ ჩაარტყა. ვიდეომასალის მიხედვით, ფედერაციის პრეზიდენტში ხელში რაღაც ნივთი უჭირავს, რომელსაც სპორტსმენის მიმართულებით იქნევს და შემდეგ მუშტს არტყამს. ამ ფაქტის შემდეგ დათუნაშვილს სახიდან სისხლი მოსდის.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 22 იანვარს, საღამოს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს. მოჭიდავეების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის დაკავებას აპროტესტებს. ისინი გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირება ინციდენტი იყო, რომელიც ფედერაციაშივე უნდა დასრულებულიყო.

გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 იანვარს იმსჯელა. მან ციხე 5 000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვა.

ამავე თემაზე: