NASA-ს ხომალდ InSight-მა მარსის ზედაპირზე მეტეოროლოგიური ინფორმაციის მოპოვება დაიწყო, რაც მეცნიერებს მარსის ყოველდღიური ამინდის განსაზღვრის საშუალებას მისცემს.

ელიზიუმის დაბლობიდან ხომალდმა InSight-მა ყოველდღიური ამინდის შესახებ ინფორმაციის გამოგზავნა 11 თებერვალს დაიწყო. ხომალდი მარსი ზედაპირზე ტემპერატურას, ქარის სიჩქარესა და ატმოსფერულ წნევას ზომავს.

მაგალითად, 14 თებერვალს ელიზიუმის დაბლობზე ყველაზე დაბალი ტემპერატურა მინუს 95 ცელსიუსი, ყველაზე მაღალი კი მინუს 16 ცელსიუსი დაფიქსირდა. ქარის სიჩქარე საათში 60 კილომეტრს აღწევდა, საშუალო ატმოსფერული წნევა კი 721 პასკალი იყო.

ამ ეტაპზე ინფორმაცია ყოველდღიური ამინდის შესახებ რამდენიმე დღის დაგვიანებით ახლდება.

ფოტო: NASA/JPL-Caltech

ელიზიუმის დაბლობი, რომელშიც InSight ნოემბერში დაეშვა, ეკვატორთან ახლოს მდებარეობს. ამჟამად ამ ტერიტორიაზე მარსული ზამთარია, ეს ის დროა, როდესაც მარსზე ქარიშხლები აქტიურდება.

"ხომალდი ეკვატორთან საკმაოდ ახლოსაა, ამიტომ ჩვენ არ გვეგონა, რომ ქარიშხლების კვალის დაფიქსირებას შევძლებდით, თუმცა ჩვენ მარსის ატმოსფეროში მაღალი და დაბალი წნევის ტალღების კვალი უკვე აღმოვაჩინეთ. ეს ტალღები ზომაში საკმაოდ დიდია და ისინი ეკვატორამდეც აღწევენ, ეს მოულოდნელი იყო", - აცხადებს კორნელის უნივერსიტეტის ასტრონომი დონ ბენფილდი.

ამ ინფორმაციის შესაგროვებლად ხომალდ InSight-ზე სპეციალური სენსორული სისტემაა დამონტაჟებული, რომელსაც შემოკლებით APSS ეწოდება. APSS მარსზე არსებული გარემო პირობების შესახებ ინფორმაციას წამში ერთხელ იწერს, შემდეგ კი ეს ინფორმაცია დედამიწაზე იგზავნება.

აღნიშნული სენსორები, გარდა მარსული ამინდის პროგნოზებისა, InSight-ს დაეხმარება განსაზღვროს, ახდენს თუ არა გავლენას მარსის ატმოსფერო ხომალდის ორ მთავარ მგრძნობიარე ინსტრუმენტზე - სეისმომეტრსა და მიწისქვეშა ტემპერატურულ სენსორზე.

"APSS დაგვეხმარება განვსაზღვროთ, თუ რამდენად სწორ და რეალურ მონაცემებს ვიღებთ ხომალდის სხვა ინსტრუმენტებისგან. თანაც, რადგანაც ეს სენსორები ინფორმაციას მუდმივად იწერს, ჩვენ მარსის ამინდის დეტალურად შესწავლის შესაძლებლობაც გვექნება", - აცხადებს ბენფილდი.

APSS მეცნიერებს მარსზე არსებული ქვიშის ტორნადოების შესწავლის საშუალებასაც მისცემს.

"ჩვენ არ ვიცით, რა სიჩქარის ქარია საჭირო მარსზე არსებული ქვიშის ატმოსფეროში ასატაცებლად. ხომალდ InSight-ის სენსორები, მარსზე ამ დრომდე არსებულ სხვა მოწყობილობებთან შედარებით 10-ჯერ უფრო მგრძნობიარეა. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ქვიშის ტორნადოები უფრო დეტალურად, შორიდან შევისწავლოთ", - ნათქვამია NASA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ელიზიუმის დაბლობზე ქვიშის ტორნადოები საკმაოდ ხშირია. მათი ბრუნვის სიჩქარე კი ზოგჯერ საათში 100 კილომეტრსაც აჭარბებს.

"ქვიშის ტორნადოები ზოგჯერ ხომალდსაც არყევენ. ჩვენ ამას InSight-ის მგრძნობიარე სეისმომეტრით ვაფიქსირებთ", - აცხადებს ბენფილდი.

ეს ერთი შეხედვით საშიშად ჟღერს. ხომალდ InSight-ისა და მისი მგრძნობიარე ინსტრუმენტებისათვის დიდი ზომის, ძლიერ ქვიშის ტორნადოსთან შეხვედრა სასიამოვნო გამოცდილება ალბათ არ იქნება. იმედს ვიტოვებთ, რომ მისიის განმავლობაში ხომალდს მსგავს დაბრკოლებებთან შეხვედრა არ მოუწევს.

თუ გსურთ, რომ მარსის ყოველდღიურ ამინდს სრულყოფილად გაეცნოთ, შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულს ეწვიოთ.