მალე ავსტრალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს სრულად აღმოფხვრის. ახალი კვლევა კი მიუთითებს, რომ საუკუნის ბოლოს ქვეყნების 82%-ში საშვილოსნოს კიბო გაქრება.

ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა საშვილოსნოს კიბოსთან ბრძოლის ორი მეთოდის სწრაფი გავრცელება და დანერგვა. ერთ-ერთია ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) ვაქცინა, მეორე კი HPV-ზე დაფუძნებული სკრინინგის მეთოდი, რომლითაც კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა და პრევენცია ხდება.

მეცნიერებმა კომპიუტერული მოდელირებით 181 ქვეყანა შეისწავლეს.

კვლევა The Lancet Oncology-ში გამოქვეყნდა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას HPV იწვევს. ეს 150-მდე ვირუსის შემცველი ჯგუფია, რომელთა გადაცემაც სქესობრივი გზით ხდება.

ადამიანების უმეტესობა ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე HPV-თი ინფიცირდება, თუმცა ადამიანების უმეტესობაში ვირუსი სიმპტომებსა და ჯანმრთელობის პრობლემებს არ იწვევს. დაინფიცირებული ადამიანების მცირე ნაწილში კი, პაპილომა ვირუსი შესაძლოა საშვილოსნოს კიბოს გამომწვევი მიზეზი გახდეს. 2018 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს 570 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მეცნიერთა გუნდი ვარაუდობს, რომ თუ საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლის მეთოდების ფართო დანერგვა და გავრცელება არ მოხდება, მომავალ 50 წელიწადში აღნიშნული დაავადება კიდევ 44,4 მილიონ ქალს დაუდგინდება. როგორც უკვე ვახსენეთ, 2018 წელს დაავადების 570 000 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, 2069 წლისთვის პოპულაციის ზრდისა და მატების გამო აღნიშნული ყოველწლიური რიცხვი 1,3 მილიონამდე გაიზრდება.

მაგრამ, თუ ვაქცინაციისა და სკრინინგის სიხშირე გაიზრდება, მომავალ 50 წელიწადში დაავადების 13,4 მილიონი შემთხვევის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი. 2100 წლისთვის კი ყოველწლიური ახალი შემთხვევების რაოდენობამ 100 000-მდე უნდა დაიკლოს.

"თავიდან აცილებული შემთხვევების ორ მესამედზე მეტი საშუალო და დაბალი განვითარების მქონე ქვეყნებში იქნება", - აცხადებს კვლევის მთავარი ავტორი პროფესორი კერენ კანფელი.

ამჟამად ქვეყნებში პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის სიხშირე მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და ფინეთი, ვაქცინაციის მაღალი სიხშირის გამო მომდევნო 25-40 წელიწადში საშვილოსნოს კიბო დიდწილად აღმოიფხვრება. ისეთი განვითარებადი ქვეყნები, როგორიც არის, მაგალითად, ჰაიტი და ეთიოპია ამ შედეგს საუკუნის ბოლომდე ვერ მიაღწევენ.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მათი შედეგები შესძლოა განვითარებადი ქვეყნების შესახებ მაღალი ხარისხის ინფორმაციის არარსებობის გამო გარკვეულწილად შეზღუდული იყოს. ისინი აღიარებენ, რომ მათი კვლევა შედარებით ოპტიმისტურია, აღნიშნული შედეგები იმ შემთხვევაში გამართლდება, თუ გლობალური ვაქცინაციის სიხშირე 80 პროცენტს მიაღწევს, ეს კი ადვილი სამიზნე არ არის.

ასეა თუ ისე, მეცნიერების თქმით 2100 წლისთვის 181 ქვეყნიდან 149-ში საშვილოსნოს ყელის კიბო სრულად უნდა აღმოიფხვრას. ეს მიღწევა კი მილიონობით ქალის სიცოცხლეს გადაარჩენს.