– იმ მანქანის ნომერი ხომ არ გახსოვთ, რომელიც შეგეჯახათ?

– სამწუხაროდ, არა.

– არც ემოჯი?

სულ მალე ეს დიალოგი შეიძლება ავსტრალიის შტატ ქუინსლენდში რეალურად შედგეს. ოფიციალური ორგანო, რომელიც სანომრე ნიშნების გამოყენების წესებს ადგენს, მოსახლეობას 1-ლი მარტიდან ახალ ფორმატს სთავაზობს.

PPQ (ქუინსლენდის პერსონალიზებული ნომრები) აქამდე მძღოლებს უფლებას აძლევდა, ნომრების ფერი შეეცვალათ, ან ზედ საყვარელი კლუბის ლოგო დაეტანათ. შემდეგი ნაბიჯი კი ემოჯის დამატება იქნება.

"ამ დრომდე შეგეძლო სანომრე ნიშნით ქალაქის ან რომელიმე სპორტული გუნდის მხარდაჭერა გამოგეხატა", - ამბობს ქუინსლენდის საავტომობილო კლუბის პრეზიდენტი რებეკა მაიკლი, - "ემოჯის გამოყენებაც იგივეა".

თუ უკვე წარმოიდგინეთ, რომ ავსტრალიელები ათასგვარი ორაზროვანი ემოჯით ივლიან ქუჩებში, იმედი უნდა გაგიცრუოთ. მანქანის მფლობელებს ხუთ ვარიანტს შორის მოუწევთ არჩევა: საუბარია ცრემლებამდე მისულ ხარხარა ემოჯიზე, სათვალიან ემოჯიზე, თვალის ჩაკვრის ემოჯიზე, ღიმილსა და შეყვარებულთვალებიან ემოჯიზე. არავითარი ბადრიჯნები და ტანგოს მოცეკვავე წითელკაბიანი ქალები. ნომრების ფასი $340-დან დაიწყება.

გარდა იმისა, რომ ამ ინიციატივით შტატი ფულს იპოვის, სავარაუდოდ, დამნაშავე მძღოლების იდენტიფიკაციაც გაადვილდება.