ვირჯინიის პოლიციაში მომუშავე ოფიცერ ფლემინგს სამი პროფესიული მოწოდება აქვს: ემსახუროს, დაიცვას და შემდეგ თოჯინებით ითამაშოს.

რამდენიმე დღის წინ, ამერიკის ქალაქში მეზობლებმა გაზის სავარაუდო გაჟონვის გამო პოლიცია გამოძახეს. მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ განგაში უსაფუძვლო იყო და ტერიტორია უსაფრთხოდ შეფასდა, პოლიციელი ტროტუარზე წამოწვა და ბავშვებთან თოჯინებით თამაში დაიწყო.

პოლიციელის გულისხმიერი ჟესტის ამსახველი ვიდეო ფეისბუქზე ადგილობრივმა იეშა როპერ-ბოშველმა გამოაქვეყნა.

"მას ვუთხარი, რომ ჩემ შვილს, დის შვილსა და მეზობლის ბავშვებს პოლიციელების ეშინოდათ. ამის შემდეგ, ის მათთან მივიდა და თამაში დაიწყო. ვიდეო იმიტომ გადავიღე, რომ მისი დანახვისას ჩემს დის შვილს ცრემლები არ წამოსვლია და მას მშვიდად შეხვდა", - უთხრა მან CNN-ს.

ოფიცერი ფლემინგი ვირჯინიის პოლიციაში 15 წელია მსახურობს.

"როცა ეს სამსახური მივიღე, ვიცოდი, რომ საქმე ჩემგან ბევრად მეტს ითხოვდა, ვიდრე საჯარიმო ბილეთების გამოწერას და მკაცრად მოქცევას. ვაცნობიერებდი, რომ ამ ყველაფერს მეტი მნიშვნელობა ექნებოდა, თუ შევძლებდი ხალისის შენარჩუნებას და ვიღაცისთვის დღის გალამაზებას", - ამბობს პოლიციელი.

ფაქტია, რომ მან ეს ნამდვილად შეძლო.