ახალი პოლიტიკური პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ეს შენ გეხებას 3 კანონპროექტი პარლამენტის განხილვას იმსახურებს, თუმცა მას წინააღმდეგობები მაინც შეხვდება:

“ამ საკითხების გატანა პარლამენტში ადვილი არ იქნება, რადგან რამდენიმე წლის წინ საგამოძიებო ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით ნორმების შეცვლაზე რომ გვქონდა წინადადება, მძაფრი წინააღმდეგობა შეგვხვდა. ახლაც იმავეს ველით, თუმცა უნდა ვცადოთ, რადგან მდგომარეობა და ძალთა განლაგება პარლამენტში შეცვლილია”.

კუბლაშვილის თქმით, კანონპროექტზე მუშაობისას გირჩს ეს შენ გეხებას ირგვლივ გაერთიანებულ არასამთავრობოებთან კომუნიკაცია ჰქონდა:

“რაც შეეხება სუსის რეორგანიზაციას, დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმის შექმნასა და მოსმენებთან დაკავშირებული ნორმების შეცვლას, ამ თემებზე პოზიციები შეჯერებულია და ყველა ეს საკითხი განხილვას იმსახურებს”.

მისივე განმარტებით, გირჩი მზადაა პარლამენტში კანონპროექტების შეტანის ინიციატორი გახდეს, თუ კამპანიაში შემავალი ორგანიზაციები გადაწყვეტენ ამას:

“ჩვენ სიამოვნებით გავაკეთებთ ამას, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ამ პროექტებს მხარი პარლამენტში შემავალმა პარტიებმა დაუჭირონ”.

კამპანია ეს შენ გეხებას ირგვლივ გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებულ 3 კანონპროექტს უახლოეს დღეებში წარუდგენენ პარლამენტს. NGO-ების ძირითად მოთხოვნებში შედის:

  • დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს დაარეგულირებს და ანგარიშვალდებული მხოლოდ პარლამენტის წინაშე იქნება.
  • დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომელიც შეისწავლის სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულს.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რეფორმების განხორციელება, ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის გაუქმება და უსაფრთხოების სამსახურზე პარლამენტის კონტროლის გაძლიერება.

დღეს, 28 აპრილს, კამპანია ეს შენ გეხებას ირგვლივ გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელეს. შეხვედრას ქართული ოცნების წარმომადგენლები არ დაესწრნენ.