ბოდიში — ხშირად ამ ძალიან მარტივ და მაგიურ სიტყვაზე, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობები, ემოციური მდგომარეობა და ჩვენზე განაწყენებული ადამიანების განწყობაა დამოკიდებული, რაც ჩვენს გულწრფელ მონანიებას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ საზოგადოებაში დაშვებული შეცდომების მიმართ ერთგვარი ფობია არსებობს, რაც ამ კუთხით, სიტუაციას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს. ერთი შეხედვით, ეს იმას ნიშნავს, რომ არც შეცდომის დაშვების უფლება გვაქვს და არც იმის საშუალება, რომ არასწორად მოქცევის შემთხვევაში, ჩვენი დანაშაული კარგად გავიაზროთ და შემდეგ მისი გამოსწორებაც ვცადოთ. თუმცა, ეს ასე არ არის.

პირველ რიგში, დიდიც და პატარაც უნდა შევთანხმდეთ, რომ უშეცდომო არავინაა და მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კეთილები, კარგები და ჭკვიანები ვართ, ყოველთვის არის შანსი, რომ გაუაზრებლად ოჯახის წევრი, შეყვარებული, მეგობარი, თუ თანამშრომელი გავანაწყენოთ.

დაშვებული შეცდომის გამოსწორებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი კი საკუთარ თავში გარკვევა და იმის გააზრებაა, რომ ჩვენ ნამდვილად შევცდით და მზად ვართ, რომ სანამ სხვას მოვუბოდიშებდეთ, ეს შეცდომა საკუთარ თავს, თავადვე ვაპატიოთ.

ეს კი იმ მთავარი მიზეზების ჩამონათვალია, თუ რატომ უნდა მოვუხადოთ სხვას ბოდიში:

1. სასიამოვნო მოსასმენია

ფოტო: What Will Matter

დიახ, თავდაპირველად შენზე განაწყენებული ადამიანის გამომეტყველებაში შეიძლება ვერც შენიშნო, რომ შენი გულწრფელი ბოდიშით მას გული მოულბა და გაპატია, თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ყველასათვის სასიამოვნოა, როდესაც მას ბოდიშს უხდიან. პატიებაზე და სიტუაციის გამოსწორებაზე ფიქრიც ხომ სწორედ ამ მომენტიდან იწყება.

2. ნეგატიური ფიქრებისგან ვთავისუფლდებით

ფოტო: Fandom

საკუთარი შეცდომის გააზრება და იმის აღიარება, რომ ნამდვილად შეცდი, ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი უდიდეს შვებას მოგგვრის. სასიამოვნოც კი არის, როდესაც საკუთარ თავში ჯერ აღიარებისა და შემდეგ მონანიების ძალას პოულობ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ყველაფერს სწორად აკეთებ.

3. სამაგალითო და მისაბაძი ადამიანი ხარ

ფოტო: My Essay Writer

როგორც უკვე ვთქვით, საზოგადოებაში დაშვებული შეცდომების მიმართ ერთგვარი ფობიაა გაბატონებული. ბოდიშის მოხდის შემდეგ კი შენს ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის ნამდვილად სამაგალითო და მისაბაძი ადამიანი ხდები. შენი მშობლებისთვის, შვილისთვის, თუ შეყვარებულისთვის ეს კონკრეტული მესიჯია, რომ თქვენი ურთიერთობები ძვირფასია და ის გარკვეულ კომპრომისსა და ურთიერთპატივისცემაზე არის აგებული.

4. აღიარების უნარი შენს პიროვნებაზე მეტყველებს

ფოტო: HuffPost

გამარჯობა, ნახვამდის, მადლობა და რაც მთავარია, ბოდიში - ეს იმ სიტყვების მცირე ჩამონათვალია, რომლებთან ერთად ცხოვრებაც გაცილებით მარტივი და სასიამოვნოა. ელემენტარული პატივისცემისა და მადლიერების გამოხატვის უნართან ერთად, რაღაცის აღიარების შესაძლებლობა ხომ შენს კარგ პიროვნებაზე მეტყველებს, თანაც ძალიან დადებითად.

5. ძლიერი ადამიანი ხარ

ფოტო: Ausin61

დამეთანხმები, რომ მტკიცე ფსიქიკის მქონე, ჩამოყალიბებულ და ძლიერ ადამიანს არასდროს უჭირს დაშვებული შეცდომების აღიარება და რა თქმა უნდა, არც ბოდიშის მოხდა. პირიქით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ პასუხისმგებლობას არასდროს გაურბიხარ და ყოველთვის მზად ხარ, რომ პრობლემას თვალებში ჩახედო და თავადვე მოაგვარო.

თუ რატომ გვიჭირს ბოდიშის მოხდა, დღეს, 20 თებერვალს "სხვა შუადღის" ეთერში გადაცემის წამყვანებმა ფსიქოლოგ მერი გელაშვილთან ერთად ისაუბრეს.