მმართველი პარტია მხარს არ უჭერს ეკა ბესელიასა და მისი თანაგუნდელების კანონპროექტს მოსამართლეების დანიშვნის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"აღნიშნული ინიციატივის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა და გაღრმავდება პრობლემა სასამართლოების გადატვირთულობისა და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თვალსაზრისით", — განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ მოსამართლეთა რაოდენობის განახევრება სასამართლო სისტემას მძიმე პრობლემებს შეუქმნის და შესაძლოა, მისი პარალიზებაც გამოიწვიოს.

ბესელიამ და მისმა თანამოაზრეებმა ქართული ოცნებიდან კანონპროექტი 7 თებერვალს დაარეგისტრირეს. კანონპროექტით, უვადოდ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი დროებით უნდ შეჩერებულიყო. აღნიშნულ ინიციატივას ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ჩრდილელი, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი. ისინი ფიქრობდნენ, რომ უმრავლესობა ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერდა.