ნეო-ნაცისტური დაჯგუფება ქართული მარში იმუქრება, რომ 18-23 ივნისს თბილისში LGBTQI პრაიდს არ დაუშვებს. მარშის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ ფეისბუქით მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელა როგორც თემის წევრების, ისე სამართალდამცავი უწყებების მიმართ.

"მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას. თუ უნდა სპეცრაზმთან ერთად წამოიყვანოს და შეგვებრძოლოს ჩვენ. არავისი არ გვეშინია. თქვენ იქნებით ჩვენთვის ისეთივე დამპყრობლები, როგორიც იყო მე-11 არმია, როგორიც იყო ჯალალედინი, როგორიც იყო მურვან ყრუ, როგორიც იყო შაჰ-აბასი და როგორიც იყო აღა-მაჰმად-ხანი ხანი და სხვა მტრები, მოღალატეები. ისევე მოგეპყრობით როგორც ეპყრობოდნენ ჩვენი წინაპრები მოღალატეებს", — ამბობს სანდრო ბრეგაძე.

თბილისში პრაიდის ჩატარების შესახებ ლგტბქი აქტივისტებმა დღეს, 19 თებერვალს დაანონსეს. მათი თქმით, პრაიდის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება გაიმართება. კვირეულის დასასრულს კი "ღირსების მარშია" დაგეგმილი.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ მარშის ფორმა არ იქნება საზეიმო და კარნავალური. მათი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოში დღეს ქვიარებს არ ეზეიმებათ.

"ჩვენ არ ვაპირებთ დამალვას, რადგან გაუსაძლისია ასე ცხოვრება და არ გვაქვს სხვა არჩევანი გარდა ღირსებისთვის ბრძოლისა. ჩვენ არ ვართ ცოტა და არავის დავტოვებთ მარტოს", — აცხადებენ ორგანიზატორები.

ქართული მარშის განცხადებასთან დაკავშირებით On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.