თბილისში, საავადმყოფოს დაცვის თანამშრომლები ერთ-ერთი პაციენტის შვილს თავს დაესხნენ. როგორც დაზარალებულის ადვოკატი, თამარ მჭედლიშვილი ამბობს, შემთხვევა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მოხდა.

როგორც დაზარალებულის ადვოკატი On.ge-სთან ყვება, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მამას საავადმყოფოში ცუდად უვლიდნენ, რის გამოც მატლები და ნაწოლები გაუჩნდა. ადვოკატის თქმით, შვილმა სახვევები პარკით მტკიცებულებად მოაგროვა, რათა გარეთ გამოეტანა და ეჩივლა. მისივე თქმით, ამ დროს მას დაცვის თანამშრომლები გაეკიდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

On.ge ინციდენტთან დაკავშირებით ქირურგიის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. კლინიკის პრესსამსახურმა განმარტა, რომ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიდა და ამ საკითხზე ხელმძღვანელები თვითონ დაგვიკავშირდებობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. მათივე თქმით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან კონფლიქტში მონაწილე პირები, დაინიშნება შესაბმისი ექსპერტიზები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.