იუსტიციის უმაღლესი საბჭო არამოსამართლე წევრების, ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების გადადების გამო ქვედა ინსტანციებში მოსამართლეების დანიშვნის გაჭიანურება, სიმართლეს არ შეესაბამება.

საბჭოს განმარტებით, რომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი 31 აგვისტოს დასრულდა, რის შემდეგაც ინფორმაციის მოძიებისა და შესწავლის ორთვიანი პროცესი იყო. მათივე თქმით, პროცესის დასრულების შემდეგ კანდიდატებთან ეტაპობრივად გასაუბრება დაიწყო. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ბოლო გასაუბრება 28 იანვარს ჩატარდა. გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ კანდიდატების შერჩევის პარალელურად ისინი სხვადასხვა უფლებამოსილებას ახორციელებდნენ.

საბჭოს განცხადებით, ჯანეზაშვილისა და დოლიძის განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მთლიანად სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა:

"გაუგებარია ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც საბჭოს აღნიშნული წევრები ხელმძღვანელობენ მოსამართლეთა დანიშვნებთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნული წევრები ერთის მხრივ აქტიურად ეწინააღმდეგებიან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს და ამასთან, ითხოვენ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსის დაჩქარებას, რომლის საბოლოო შედეგი სწორედაც მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნაა".

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე აცხადებენ, რომ უზენაესის მოსამართლეების არჩევამდე, საბჭოსთვის ხელსაყრელი არ არის რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნა.

დოლიძისა და ჯანეზაშვილის მტკიცებით, ნაცვლად იმისა, რომ საბჭო კონკურსის გზით მოსამართლეთა კორპუსის ახალი კადრებით შევსებაზე ზრუნავდეს, მას შიდა გადააგილებებისა და ე.წ. კლანის გასაძლიერებლად იყენებს.

მათი თქმით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საბოლოო ეტაპზე გადასული 78 კანდიდატიდან გასაუბრება 77-ს ჩაუტარდა. დარჩენილ 1 კანდიდატთან კი გასაუბრება არ ჩატარებულა.

მათივე მტკიცებით, ბოლო კანდიდატთან გასაუბრება არ ტარდება რადგან, დასრულებისთანავე კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყება. ბოლო კანდიდატთან დაკავშირებით იუსტიციის საბჭოში აცხადებენ, რომ გასაუბრება მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გადაიდო.