მსჯავრდადებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს. ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა განხორციელებული რეფორმების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

უმაღლესი განათლების მიღების უფლებით ისარგებლებს გათავისუფლებისთვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული. საუბარია აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურ ბაკალავრიატზე.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობს.

მოცემულ ეტაპზე, პენიტენციურ დაწესებულებებში ხელმისაწვდომია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, მოკლევადიანი სასწავლო კურსები, რომლის დასრულების შემდეგაც მსჯავრდებულები შესაბამის სერტიფიკატებს იღებენ. ამ დროისთვის, საგანმანათლებლო პროგრამებში 1060-ზე მეტი მსჯავრდებულია ჩართული.