დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, ოსურ-სომხური მეგობრობის ნიშნად ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე სომხურ ჯვარს აღმართავენ. დღეს, 19 თებერვალს ბიბილოვმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო.

როგორც ბიბილოვმა აღნიშნა, ძეგლის დადგმის ინიციატივა სომხურმა დიასპორამ გამოთქვა:

"ბევრი სომეხი რესპუბლიკაში მაღალ თანამდებობას იკავებს, ისინი ღრმად პატრიოტები არიან და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესებს იცავენ".

შეხვედრის ფარგლებში არაღიარებული ქვეყნების დე ფაქტო უწყებებმა თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მიღების ბოლოს ყარაბაღის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ბიბილოვს სიმბოლური საჩუქარი, ნოხი გადასცა. ანატოლი ბიბილოვმა კი დელეგაციის წევრებს დე ფაქტო რესპუბლიკის წმინდა ადგილებით გამოსახული ვერცხლის მონეტები და ღირშესანიშნაობების ფოტოალბომი აჩუქა.