საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, ლიბიაში გარდაცვლილი ქართველის ცხედარს მიმდინარე კვირის ბოლოს გადმოასვენებენ. როგორც ის აღნიშნავს, ლიბიის ქალაქ მისრატას პროკურატურამ უკვე გასცა თანხმობა ცხედრის გადმოცემაზე.

კითხვაზე რატომ დასჭირდა ცხედრის გადმოსვენებას 42 დღე კონსტანტინიდი ამბობს, რომ ეს რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული, მათ შორის ადგილობრივი გამოძიებითა და ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობით.

"როდესაც ადამიანის გარდაცვალებას ეხება საკითხი, რა თქმა უნდა, გამოძიება მოითხოვს გარკვეული ვადებისა და თანმიმდევრობის დაცვას, რის გამოც ლიბიის სამართალდამცველმა უწყებებმა საჭიროდ ჩათვალეს ცხედრის ადგილზე დატოვება და ხანგრძლივი ექსპერტიზის ჩატარება... მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლიბიაში არის ძალიან მძიმე პოლიტიკური და ჰუმანიტარული ფონი, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ნებისმიერ პროცესზე და, მათ შორის გამოძიებაზეც", — აღნიშნა გამოძიებასთან საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში 7 იანვარს დაიკარგა, თუმცა მისმა ოჯახის წევრებს მისი დაკარგვის შესახებ 16 იანვარს შეატყობინეს. მეზღვაურის ცხედარი კი 21 იანვარს იპოვეს. ამ ეტაპისთვის მეზღვაურის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.