თიბისი ბანკის ხელმძღვანელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აცხადებენ, რომ მზად არიან პარლამენტში თიბისის საქმის განხილვას დაესწრონ. მათი თქმით, მიესალმებიან დეპუტატების მზადობას და მათთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს, შესაბამისი ფორმატის შეხვედრაში ჩაერთვებიან.

თიბისის ხელმძღვანელის პარლამენტში მიწვევის იდეა საპარლამენტო უმცირესობას ეკუთვნის. ევროპული საქართველოს დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ შესთავაზა ხაზარაძეს დაესწროს იმ საკომიტეტო მოსმენას, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძეც იქნება.

დავით ბაქრაძის განცხადებით, უმცირესობამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უკვე დაიბარა პარლამენტში. დაბარების ძირითადი თემა საბანკო რეგულაციებია.

თიბისის საქმე

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბარი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.

ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.