პორნჰაბის სტატისტიკის მიხედვით, ჰენტაი და მულტფილმები 2018 წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კატეგორიებად დასახელდა. ამ სახის პორნოგრაფია ხელოვნური ობიექტია, რომელიც ადამიანში ცხოველური ინსტინქტების გამოწვევას ემსახურება და ჩვენს ცნობიერებას იმაზე მეტად აღაგზნებს, ვიდრე მისი ბუნებრივი ანალოგი. ამას სუპერნორმალურ იმპულსს უწოდებენ და ის არა მარტო პორნოგრაფიით გატაცებას ხსნის, არამედ მიდრეკილებას ფეისბუქის, ფასტ ფუდისა და ხელოვნებისაკენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჰენტაის მნიშვნელობა ბევრმა ადამიანმა არ იცის და ის სხვა სიტყვებივით - სუში, სამურაი, ცუნამი, ტაიფუნი - პოპულარული არაა, გუგლი ამ სიტყვის ძიებისას მომხმარებელს მაინც ულევ მასალას სთავაზობს.

რას ნიშნავს ჰენტაი?

მშობლიურ, იაპონურ ენაზე სიტყვა ექსტრემალურ სექსუალურ სიტუაციას აღნიშნავს. როდესაც ტერმინი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, მან უკვე ეროტიკული კომიქსების მნიშვნელობაც შეიძინა და იაპონური სტილის ანიმაციების ზოგად სახელად იქცა.

რეალურად იაპონიას ჰენტაიმდე ჰქონდა ეროტიკული ილუსტრაციები, იგივე შუნგა. მაგალითად, ერთ-ერთია "მეთევზის ცოლის ოცნებანი", რომლის ავტორიც ჰოკუსაია. ეს კი ყველაზე ცნობილი მაგალითია იმ ეროტიკული ილუსტრაციებიდან, რომლითაც იაპონიის კულტურა დახუნძლულია.

ფოტო: theartstack

არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ დასავლურ კულტურაშიც ვხვდებით სექსუალურობით დატვირთულ ანიმაციებს. მაგალითად, მარჯ სიმპსონი Playboy-ის ჟურნალის გარეკანზე ან ტიხუანას ბიბლია, რომელიც 8-გვერდიანი მინიმალისტური პორნოგრაფიაა და განსაკუთრებით პოპულარული ამერიკის დიდი დეპრესიის დროს გახდა. თუმცა ეს ტრენდი მხოლოდ თანამედროვე ეპოქით არ შემოიფარგლება. შუა საუკუნეების მხატვრებიც ქმნიდნენ ხელოვნების "ბილწ" ნამუშევრებს: დიდი მოგოლთა იმპერია კამასუტრას ილუსტრაციებს ავრცელებდა. რამდენიმე "თამამი" ფრესკა კი ძველი რომის ქალაქთან, პომპეისთან ერთად განადგურდა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. მოკლედ, ხელოვნების ისტორია ბევრი ასეთი ამბითაა სავსე.

რა აკავშირებთ მგალობელ ჩიტებს ჰენტაისთან?

მეთევზის ცოლის ოცნებანი. ავტორი - კაცუშიკა ჰოკუსაი, 1814 წელი.

ფოტო: Danny Choo on Flickr

ჰოლანდიელმა ბიოლოგმა, ნიკოლას ტინბერგენმა ცხოველთა ინსტინქტებსა და საქციელზე თავისი თეორია შეიმუშავა, რის გამოც შემდგომ ნობელის პრემიით 1973 წელს ფიზიოლოგიისა და მედიცინის ნომინაციაში დაჯილდოვდა.

საკუთარი თეორიის გადასამოწმებლად მან ცდა ჩაატარა: შექმნა ხელოვნური, ლურჯი შეფერილობის დიდი კვერცხები, რომლებიც შავი წერტილებით დაფარა. კვერცხები შემდგომ მგალობელ ჩიტებს დაუდო, რომლებიც ინსტიქტურად ღია ცისფერ, წინწკლებიან კვერცხებზე ზრუნვისკენ არიან მიდრეკილები. ჩიტებმა არსებული ბარტყები მალევე მიივიწყეს და ხელოვნური კვერცხების გამოჩეკვას შეუდგნენ, მიუხედავად იმისა, რომ კვერცხები მათთვის ზედმეტად დიდი იყო. ამ ფენომენს ნიკოლასმა "სუპერნორმალური სტიმული" დაარქვა. დამტკიცდა, რომ ხელოვნური ობიექტი გაცილებით მეტად აღაგზნებს ცხოველის ინსტინქტებს, ვიდრე - ბუნებრივი.

ტინბერგენმა სხვა ექსპერიმენტებიც ჩაატარა, რათა დაემტკიცებინა, რომ სხვა არსებებსაც იგივე პრინციპი ამოძრავებთ.

პატარა თოლიები, როცა შიათ, დედას გრძელ ყვითელ ნისკარტზე უნისკარტებენ, რომელსაც დიდი წითელი ლაქა აქვს. თუმცა როცა თოლიები ხელოვნურად შექმნილ გრძელ ყვითელ ნისკარტს ხედავენ სამი წითელი ლაქით, მათი მოთხოვნა უფრო მეტად იზრდება. რაც შეეხება პეპლებს, მამრ პეპლებს ხელოვნურებთან დაწყვილება ურჩევნიათ მაშინ, როდესაც ისინი ნამდვილებზე მეტად დიდები, უფრო მუქები არიან და ფრთებსაც გაცილებით ძლიერად აქნევენ.

ჰენტაი ადამიანის ცნობიერებაზე ისე მოქმედებს, როგორც ზედმეტად ცხადი გამაღიზიანებელი. დაახლოებით ისე, როგორც მეტლაქიანი ყვითელი ნისკარტი პატარა თოლიებზე, ან ჩვეულებრივზე მუქი და ხელოვნურად დიდი ზომის პარტნიორი მამრ პეპლებზე.

რატომ ჰენტაი?

ბეტი ბუპის თავი მერლინ მონროს ტანზე.

ფოტო: Julian Mason/Flickr

წიგნში The Evolution of Desire ფსიქოლოგი დევიდ ბუსი აღნიშნავს, რომ ევოლუციამ გამრავლების ინსტინქტი ქალსა და მამაკაცში ღრმად ჩაბეჭდა. ეს ინსტინქტები დროთა განმავლობაში შეიცვალა იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლებსაც თანამედროვე გარემოში ვხვდებით, თუმცა გავლენა არ დაუკარგავს. რადგანაც ევოლუცია გაცხადებულად გადაიცემა გენებით, ძველ დროში ჰეტეროსექსუალი კაცები ნაყოფიერებასთან დაკავშირებული ნიშნებით საზღვრავდნენ ქალების მიმზიდველობას, ჰეტეროსექსუალი ქალებისთვის კი ამავე მნიშვნელობას სოციალური სტატუსი ატარებდა. რაკი ქვის ხანაში რეპროდუქციული კლინიკები არ არსებობდა, კაცები სხვა მეთოდებს ეყრდობოდნენ პოტენციური პარტნიორის შესარჩევად - კერძოდ, საკუთარ თვალებს.

"შესაძლოა, სილამაზე სუბიექტური რამ იყოს, მაგრამ მისი შემფასებელი თვალები და გონება მილიონი წლის განმავლობაში ევოლუციის შედეგადაა ჩამოყალიბებული", - წერს ბუსი, - "რაკი გარეგნული თუ ქცევითი ნიშნების გარდა კაცებს არაფერი ჰქონდათ ხელჩასაჭიდი, ძველ დროში მცხოვრებმა ინდივიდებმა ამ მახასიათებლების მარტივად ამოცნობა ისწავლეს".

ასეთი მანიშნებლებია: სავსე ტუჩები, სუფთა, რბილი კანი და თმები, ნათელი თვალები, სიარულის მანერა, სახის ცოცხალი გამომეტყველება და ა.შ.

ჰენტაი სწორედ ამ ვიზუალურ გამოხატულებებს აერთიანებს და ადამიანებს სთავაზობს მათივე ინტერესების იდეალურ ვარიანტს, ანუ იმას, რაც ბუნებრივად ქალს არ ახასიათებს. გარდა ჰენტაისა, მაგალითად, ბეტი ბუპსაც ზუსტად იგივე მახასიათებლები აქვს: სავსე ტუჩები, სუფთა კანი და დიდი, ნათელი თვალები. ის მოძრავია და ახალგაზრდულ ენერგიასაც ასხივებს.

რეალურად, მისი ახალგაზრდობა სწორედ იმ არაბუნებრივ ექსტრემში მოიაზრება, რასაც აბსურდული ელემენტებიც ახასიათებს. მაგალითად, მისი თავი, ბავშვის მსგავსად, არარეალურად დიდია, მისი ფეხები ტორსოსთან შედარებით ზედმეტად გრძელია, მკლავები კი - ზედმეტად მოკლე. რეალური ცხოვრების ბეტი ბუპი მედიცინის სასწაულადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა როგორც ანიმაციური პერსონაჟი, ის დაახლოებით ასი წლის განმავლობაში სექს-სიმბოლოდ მიიჩნეოდა.

სუპერნორმალური სტიმული ხელოვნებაში

ფოტო: Shutterstock

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სუპერნორმალური სტიმული ყოველთვის სექსუალურ გამაღიზიანებელს არ წარმოადგენს. BBC-ის პროგრამის "როგორ გვაქცია ხელოვნებამ ადამიანებად" ავტორმა, ხელოვნების ისტორიკოსმა და კლასიცისტმა ნიგელ სფაივმა სწორედ ეს თეზისი შემოგვთავაზა.

ეგვიპტური იეროგლიფების ფორმები, ბერძნული სკულპტურების იდეალიზმი და ვილენდორფის ვენერა, რომელიც ანტიკურ ხანას უკავშირდება, სწორედ სუპერნორმალური იმპულსის ვიზუალიზაციას წარმოადგენს.

ინტერვიუს დროს ნეირომეცნიერი რამაჩანდრანი ვილენდორფის ვენერას ტინბერგენის თოლიების ექსპერიმენტს უკავშირებს. მისი აზრით, ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს არაბუნებრივი ფორმები ნაყოფიერებისა და სიმსუქნის სახით მხოლოდ იმიტომ, რომ მათთვის სწორედ ეს "არანორმალურობა" იყო ღირებული.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ რიაჩეს მეომრებზეც. ერთი შეხედვით, ეს რეალისტური სკულპტურებია, თუმცა ყურადღებით დაკვირვების შემდეგ მალევე აღმოაჩენთ, რომ მსგავსი ფიზიკური დიდებულების მიღწევა შეუძლებელია. მათაც, ბეტი ბუპისავით, სხეულის ანატომია არაბუნებრივი აქვთ. მაგალითად, წელი და უკანა კუნთები, როგორც სპაივი აღნიშნავს, გაცილებით გამოკვეთილია, ვიდრე ეს ფიზიკურადაა შესაძლებელი. ფეხები ზედმეტად დაგრძელებულია იმისთვის, რომ ზედა ტანი უფრო სიმეტრიული ჩანდეს. გარდა ამისა, სკულპტურებს კუდუსუნი აკლიათ, რაც მათ ზურგს გაუმაგრებდა.

"რეალურად, ადამიანებს საერთოდ არ მოგვწონს სინამდვილე - ჩვენ გაზვიადებები გვირჩევნია, ჩვენივე წარმოდგენილი ხატები რეალური სხეულისა. ეს გაზიარებული ბიოლოგიური ინსტინქტია, რომელიც გარდაუვლად გვაკავშირებს ჩვენს ანტიკურ წინაპრებთან" - ამბობს სპაივი.

სუპერნორმალური სამყარო

როგორც ჰენტაი და პორნოგრაფიის სხვა სახეები, ე.წ "junk food" - ბინძური საკვებიც ერთგვარი სტიმულია ჩვენი ინსტინქტისა, ვეძიოთ კალორიებით დახუნძლული საჭმელი.

ფოტო: Wikimedia Commons

გარდა ჰენტაისა, ადამიანებს სხვა რაღაცებისადმი, მაგალითად, კალორიული საკვებისადმი, რეკლამების, პროპაგანდებისა და ვიდეოთამაშების მიმართაც გვამოძრავებს იგივე სტიმულები. ჰარვარდის ფსიქოლოგი დეირდრი ბარეტი ამ საკითხზე წერს, რომ სწორედ ამ სტიმულებმა შეუწყო ხელი თანამედროვე ეპოქაში სიმსუქნის "ეპიდემიას". ჩვენი წინაპრებისთვის საკვები ისეთი ხელმისაწვდომი არ იყო, როგორიც ჩვენთვისაა, ასე რომ, ინსტინქტებმა გვაიძულეს, მოგვეძიებინა უფრო ტკბილი, ცხიმიანი ან პროტეინით გაჟღენთილი საკვები. მსგავსი საკვების მოთხოვნა ტვინის დაჯილდოების სისტემასთან არის დაკავშირებული. ფრუქტოზის მაღალი შემცველობის სიროფი ატკბობს საკვებს უფრო მეტად, ვიდრე - ნებისმიერი ნატურალური ხილი. ბარეტისთვის ტინბერგენის თეორია ხსნის სწორედ ამ არაბუნებრივად ძლიერ მიდრეკილებას სკიტზლისა და მაკდონალდსის მიმართ.

"თუ ამ სტიმულების არსებობის შესახებ გვეცოდინება, ახალი დროის ცდუნებებს უფრო ადვილად დავძლევთ. ადამიანებს ცხოველებთან შედარებით ერთი გასაოცარი უპირატესობა აქვთ - ტვინი, რომელსაც ამ მარტივი ინსტინქტების გვერდზე გაწევა შეუძლია", - ამბობს ბარეტი.

მიუხედავად იმისა, რომ ჰენტაით გატაცების მიღმა სუპერნორმალური გამაღიზიანებლები დგას, ეს არ ნიშნავს, რომ მასზე ყველა ერთნაირად რეაგირებს. უამრავი ადამიანისთვის გაუგებარია, როგორ უნდა აღგაგზნოს კარიკატურებამდე მისულმა ფიგურებმა, თუმცა პრინციპში, არც მაკდონალდსის ჩიზბურგერია ყველასთვის ერთნაირად გემრიელი.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როცა საქმე საჭმელს ან სექსუალურ ცხოვრებას ეხება, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ სუბიექტური სპეციფიკაციებია.