საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც თავის თავს სასამართლო სისტემის ზემოთ აყენებს.

"მე არმგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადაიმიანი, რომელსაც შეუძლია, გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი.. მე წარმოდგენა მაქვს, რომ პრეზიდენტის შეწყალება არის დისკრეციული უფლება, რომელიც უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში", — ამბობს პრეზიდენტი.

2019 წლის 11 თებერვალს ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდეს. მათ მიაჩნიათ, რომ მამალაძის საქმეზე ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლების ფუნდამენტური სტანდარტები. მათი თქმით, საქმეზე გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება კანონის მოთხოვნებისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების უხეში დარღვევით მოხდა, რაც მტკიცებულების ვალიდურობას ეჭვქვეშ აყენებს. ამის მაგალითად მათ მოჰყავთ დეკანოზის ბარგის ჩხრეკის ეპიზოდი, რომელიც ვიდეოგადაღებისა და დეკანოზის დასწრების გარეშე განხორციელდა. მათი თქმით, ამ ფორმით ძირითადი მტკიცებულების მოპოვება განაჩენის კანონიერების საკითხს სადავოს ხდის.