ევროპული საქართველოში ამბობენ, რომ უვადო მოსამართლეების დანიშვნის დროებით შეჩერება გამოსავალი არ არის და სასამართლო სისტემას რეფორმა სჭირდება. პარტიის დეპუტატი ოთო კახიძის თქმით, დანიშვნების შეჩერების შემდეგ უნდა არსებობდეს გზა სასამართლო სისტემის მოსაწესრიგებლად და ეს გზა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა.

"ჩვენ წარმოვადგინეთ რეფორმის ხედვა, ამიტომ რეფორმის ხედვაა განსახილველი პირველ რიგში, დაჩქარებული წესით. ეს უნდა მოვიფიქროთ, როგორ დავამტკიცოთ, რა პროცედურა შევიმუშავოთ. და არა ის, რომ შევაჩეროთ დანიშვნები და არ გვქონდეს გზა", — განცხადა კახიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ეკა ბესელიასა და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერებაზე მხარი არ დაუჭირა. განხილვა კომიტეტზე დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჩავარდა, მას დღეს, 19 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მაინც განიხილავენ. ბესელიას თქმით, თუ სესიაზე მოსამართლეების დანიშვნის მორატორიუმის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, საკონსტიტუციო ცვლილებას მოითხოვს და ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.

კანონპროექტის მიხედვით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. პროექტის ავტორებმა საკითხის დაჩქარებულ ვადებში განხილვა ბიუროს სხდომაზე მოითხოვეს.