დღეს, ზუგდიდში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა პარტიაში კადრების შერჩევაზე ისაუბრა. მან ყურადრება გაამახვილა ძველი კადრების შერჩევის პროცესზე და დაშვებულ შეცდომებზე. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მარგველაშვილის კანდიდატურა არასწორად შეარჩია. ექსპრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი კადრების შერჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლა.

"მარგველაშვილს მე ვთვლი ყველაზე დიდ შეცდომად ჩემსას მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში მოვედი. მე ბოდიშიც მოვუხადე საზოგადოებას, არ მინახავს ჯერ ამ ასაკის კაცი დიამეტრალურად იცვლიდეს ხასიათს, თინეიჯერის დონეზეა, საკუთარ თავთან გარკვევაშია ეს კაცი დღემდე. ეს პრობლემა ვერ გავითვალისწინე. მან თქვა ივანიშვილთან ვარ დაპირისპირებაში და იმიტომ შევედი სასახლეშიო, არავითარ შემთხვევაში ჩემთან, ის საკუთარ თავთანაა დაპირისპირებაში. როდესაც მოვიდა იყო ერთი ტიპის მარგველაშვილი და გახდა მეორე, დიამეტრულად შეიცვალა."

შეხვედრები რეგიონულ მედიასთან, - ასე ჰქვია ტელეკომპანია GDS-ის ახალ საარჩევნო პროექტს, რომელშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს.

გადაცემას 2030-ის ჟურნალისტები ნათია თოიძე და მიხეილ ფეიქრიშვილი უძღვებიან. პროექტის პირველი გადაცემა 1 სექტემბერს, 12:00 საათზე აჭარიდან გავიდა GDS-ის პირდაპირ ეთერში.