შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილ პარკირების ადგილას ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებაზე 10 ლარიანი ჯარიმა იზრდება და 50 ლარით განისაზღვრება — შესაბამისი შინაარსის კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმა 50 ლარით განისაზღვრება, როგორც დედაქალაქის, ასევე თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში. შესაბამისი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა განხორციელდეს.

კანონპროექტის ავტორი ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამაშვილია. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ღია სივრცეში დამოუკიდებელი გადაადგილებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება შშმ პირთათვის საპარკინგე ადგილით სარგებლობის უფლებაა.

"ხშირად ხდება არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების დაპარკინგების ფაქტები, ასევე, ხშირ შემთხვევაში, სპეციალურ ადგილს იკავებენ ტაქსის და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, რის შედეგადაც ადგილზე მისულ შშმ პირს უხდება იმის განმარტება, რომ ეს მისი უფლებაა, რაც ხშირად პირადი შეურაცხყოფის და ღირსების შემლახავი ინციდენტებით სრულდება", — ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიღებას ექნება პრევენციული ეფექტი და შეამცირებს შშმ პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევებს.